ფეხბურთი

2:05 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზლატკო კრანჩარი: "თბილისის "დინამო" ყოფილ საბჭოეთში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო"

ზაგრების "დინამოს" მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა მაკედონიის "ვარდართან" 3:2 გამარჯვების შემდეგ, თბილისის "დინამოზეც" ისაუბრა. ჯერ შეგახსენებთ, რომ ზაგრებელებმა "ვარდართან" პირველი შეხვედრა სტუმრად 2:1 მოიგეს, შინ კი ორჯერ აგებდნენ, მაგრამ მაინც შემოატრიალეს თამაში.

ფლანგელ შემტევ მარკო პიაცაზე, რომელიც ევრო-2016-ზეც გახლდათ და გუშინ ბოლო მატჩი ჩაატარა ზაგრების "დინამოში". მან ორი პენალტი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე პასი გააკეთა და ვალმოხდილი წავიდა მშობლიური კლუბიდან. პიაცა ტურინის "იუვენტუსში" გადადის...

ასე რომ, ზაგრების "დინამოს" მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი დააკლდება თბილისის "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში. თუმცა ეს ფაქტი დამამშვიდებელი არ უნდა იყოს თბილისელთათის, რადგან ხორვატიის ჩემპიონს სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს.

ახლა კი კრანჩარის კომენტარი "ვარდართან" შეხვედრის შემდეგ:

"ეს ეტაპი რთულად გავიარეთ, მაგრამ კარგია, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა. შეცდომები კი უნდა გავაანალიზოთ. თბილისის "დინამო"? ჩვენი წარმომადგენელი მარიან ვლაკი სომხეთში იყო და მათ თამაშს დააკვირდა. ამ კვირაში კიდევ არაერთ ინფორმაციას მივიღებთ მომავალ მეტოქეზე.

...თბილისის "დინამო" ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო და მდიდარი ისტორია აქვს. ისინი 4-4-2 სქემით თამაშობენ. ყველანაირად მზად უნდა შევხვდეთ ქართველებთან მატჩებს.

...რაც შეეხება მარკო პიაცას, მოხარული ვარ, რომ დიდი წვლილი შეიტანა "ვარდართან" თამაშში. ის ქებას იმსახურებს და საწყენია, რომ "დინამოს" ტოვებს, თუმცა ასეთია სატრანსფერო ბაზარი. პიაცას დიდ წარმატებებს ვუსურვებთ".

ზლატკო კრანჩარი ერთ დროს ხორვატიის ნაკრებსაც წვრთნიდა (2004-2006 წლები). ის მოქმედი ფეხბურთელის, ნიკო კრანჩარის მამა გახლავთ. ნიკო ამჟამად გლაზგო "რეინჯერსის" ფეხბურთელია.

თბილისის "დინამო" ზაგრებელებთან პირველ მატჩს 26 ივლისს გამართავს ხორვატიის დედაქალაქში, 2 აგვისტოს კი თბილისში ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130366