საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 20 ივლისს ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლეგენდარულმა ჩემპიონებმა, ყოფილმა მოჭადრაკეებმა, სპორტისა და ხელოვნების წარმომადგენლებმა, ინტელექტ კლუბის “რა? სად? როდის?” წევრებმა, ჭადრაკის მოყვარულებმა და ჟურნალისტებმა.
ვერის ბაღში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ფესტივალს შეურთდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.
მოწვეულ სტუმრებს მასპინძლობა გაუწიეს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.
ვერის ბაღში, ჭადრაკის სასახლესთან მოწყობილ საჭადრაკო დაფებზე საჩვენებელ და ერთდროული თამაშის სეანსებში მონაწილეობა მიიღეს – ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა, ნინო ხომერიკმა. ჭადრაკის თამაში ასევე შეეძლო ყველა მსურველს.
საჩვენებილი შეხვედრა გაიმართა მოჭადრაკეებს, კლუბის “რა? სად? როდის?” წევრებსა და მოჭიდავეებს – ოლიმპიურ ჩემპიონ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ მანუჩარ კვირკველიასა და მსოფლიოს ჩემპიონ რამაზ ნოზაძის მონაწილეობით.
საქართველოში ჭადრაკის საერთაშორისო დღე უკვე 5 წელია აღინიშნება. 20 ივლისს ასევე აქტიურად ზეიმობენ მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაცია – “ფიდეს” წევრ 187 ქვეყანაში.
ჭადრაკის საერთაშორისო დღე 20 ივლისი პირველად 1924 წელს პარიზში აღნიშნეს, როდესაც მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაცია (FIDE) ოფიციალურად დაარსდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური