ფეხბურთი

23:33 | 19.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

იარაბეკი: "დინამო" უშანსოდ არ იქნება"

"ალაშკერტისა" და "დინამო" თბილისის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე იურაი იარაბეკმა განაცხადა, რომ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფავორიტი ზაგრების "დინამო" იქნება. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ამისა, უშანსოდ არც საქართველოს ჩემპიონი იქნება.

იარაბეკმა ისიც დაამატა, რომ უკვე ზაგრებში მიემგზავრება, რომ მომავალი მეტოქის თამაში უშუალოდ ნახოს. მთლიანობაში კი "დინამოს" თავკაცი კმაყოფილი ჩანდა.

"როგორც ვვარაუდობდი, საკმაოდ მძიმე თამაში გამოვიდა. "ალაშკერტი" კარგი გუნდია, ეს აქამდეც აღვნიშნე. საერთოდ, ყველა თავისი ქვეყნის ჩემპიონი არ შეიძლება სუსტი იყოს. თავიდანვე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ აქტიურად ეთამაშათ, პრესინგისთვის მიემართათ. პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, სამი საგოლე მომენტიც გვქონდა, პირველებმაც გავიტანეთ. მეორე ტაიმშიც კარგი მომენტი გვქონდა, ქვილითაიამ ვერ გაიტანა და დავისაჯეთ. თუმცა, მთლიანობაში ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ და კმაყოფილი ვარ.

მარცხენა მცველი? - სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი თუ ვინ დამეყენებინა მარცხენა მცველის პოზიციაზე და ჭელიძე ვამჯობინე, რადგან "ალაშკერტი" ფლანგებიდან სახიფათო იყო და აქტიურად იყენებს. გიორგი თევზაძეს შანსი აუცილებლად მიეცემა, რადგან საკმაოდ კარგი ფეხბურთელია.

პირველი ნახევარი ვთვლი, რომ ყველა გულშემატკივარს მოეწონებოდა. ჩვენ გვჭირდება ყოველთვის კონცენტრაცია. ახლა მივემგზავრები ზაგრებში მომავალი მეტოქის დასაკვირვებლად, ბიჭებმა კი თავიანთი შეცდომები აუცილებლად უნდა გაიაზრონ.

მომავალი მეტოქე? - ორივე გუნდი თავისი ქვეყნის ჩემპიონია და შესაბამისად, ორივე ძლიერი გუნდია. მე ვფიქრობ, სავარაუდოდ, ჩვენი მეტოქე იქნება ზაგრების "დინამო", რომელსაც საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს და რომელიც 70 მილიონს აღწევს, თუმცა ყველა თამაშში ვიბრძოლებთ.

ბიჭებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ. ვაღიარებ, რომ ფავორიტი ზაგრების "დინამო" იქნება, მაგრამ შანსი ჩვენც გვაქვს. მაგალითად "ალაშკერტიც" გამოდგება, რომელმაც შარშან შოტლანდიურ "სენტ ჯონსტონს" აჯობა", - ასეთი იყო სლოვაკი სპეციალისტის კომენტარი მატჩის შემდეგ.

სოფო ერქვანია სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის ერევნიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131661