“ბრუკლინ ნეთსის” და ხორვატიის ეროვნული ნაკრების კალათბურთელ ბოიან ბოგდანოვიჩს ხიფათიანი ამბავი შეემთხვა. ის თურქეთში მომხდარმა არეულობებმა ძალიან დააფრთხო და ქვეყნიდან სახელდახელო “გაქცევაც” მოაწყო.
შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, ბოგდანოვიჩი კი ბოდრუმში მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებდა. ბოგდანი ბუნტის შედეგებს არ დაელოდა სასწრაფოდ აბარგება გადაწყვიტა.
მოგეხსენებათ, საჰაერო სივრცე უკვე ჩაკეტილი იყო, ამდენად, ბოგდანოვიჩი აგენტს დაუკავშირდა, ეს უკანასკნელი კი ბერძნულ კლუბ “კოლოსოსს” შეეხმიანა და კალათბურთელის დასახსნელად ნავი “აფრინა”.
ნავის საშუალებით, ხორვატმა და მისმა გოგონამ ეგეოსის ზღვის გავლით ბერძნულ კუნძულ როდოსს უწია და თავი სამშვიდობის დაიგულა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით თურქეთში მომხდარ ამბოხს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 1400-მდე კი დაიჭრა.