ავტოსპორტი

3:54 | 19.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ ბრაუნის გადაბირებას ცდილობს

ზედიზედ რამდენიმე წარუმატებელი რბოლის შემდეგ, მარანელოს „ფერარის“ პრეზიდენტი სერჯო მარკიონე ეწვია, რომელმაც „სკუდერიას“ ხელმძღვანელობას საგანგებო შეხვედრები ჩაუტარა. მან და ფორმულა 1-ის გუნდის შეფმა მაურიციო არივაბენემ მიმოიხილეს ის ცვლილებები, რომელთა დახმარებითაც, „ფერარი“ კრიზისს დაძლევს. მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც მარკიონეს აინტერესებდა, SF16-H-ის შესაძლებლობებს ეხებოდა. როგორც ჩანს, მარანელოში მზად არიან იმისთვის, რომ ამ პროექტზე უარი თქვან და საერთოდ, ბოლიდების პროექტირების სხვა მიდგომა დანერგონ.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იდეა, რომელიც ამ თათბირების დროს გამოიკვეთა, გუნდში როს ბრაუნის დაბრუნებაა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაუნმა პირველი შეთავაზება უარყო. მისი არგუმენტი ისაა, რომ არ სურს სეზონში 21 რბოლას დაესწროს. მას არც იმ პასუხისმგებლობის ტვირთის აღება სურს, რომელიც ფ1-ის ყველაზე ტიტულოვან გუნდში ყოფნის შემთხვევაში დაეკისრება.

„ფერარი“ მზადაა, მას კონსულტანტის როლი შესთავაზოს. თუმცა ბრიტანელი ინჟინერი და მენეჯერი, რომლის სახელიც მჭიდროდაა დაკავშირებული „ფერარის“ ყველაზე წარმატებულ ეპოქასთან, ჯერჯერობით ამასაც უარობს. 2013 წლიდან მოყოლებული, რაც „მერსედესის“ დატოვება მოუხდა, ის ფორმულა 1-ში რაიმე სახის თანამდებობაზე არ გამოჩენილა. არადა, სამქიმიანების გუნდში სწორედ მან ჩამოაყალიბა სტრუქტურა, რომელიც უკვე მესამე სეზონია, ფ1-ის საუკეთესო მანქანას ქმნის.

და მაინც, „ფერარი“ ცდილობს, ბრაუნი მრჩევლის თანამდებობაზე მაინც დაითანხმოს. თუ ასე მოხდა, ის მარკიონეს და არივაბენეს ტექნიკურ საკითხებში გაუწევს კონსულტაციებს. ძნელი სათქმელია, ბრაუნის დათანხმების შემთხვევაში, რა ბედი ელის ახლანდელ ტექნიკურ დირექტორ ჯეიმს ელისონს. „ფერარიში“ ადრე მუშაობის პერიოდში, ბრაუნს გვერდში ედგა თანამედროვე ფ1-ის ერთ-ერთი საუკეთესო ინჟინერი რორი ბერნი და რაც მთავარია, გუნდის პილოტი მიხაელ შუმახერი იყო, რომელმაც თავისი შვიდი ტიტულიდან ხუთი სწორედ „ფერარის“ ბოლიდით, ბრაუნის დროს მოიპოვა.

გარდა ამისა, სწორედ ბრაუნი ხელმძღვანელობდა იმ „ბენეტონს“, რომლითაც იმავე შუმახერმა თავისი ორი პირველი ტიტული მოიპოვა. და „მერსედესში“ გადასვლამდე, ბრაუნი ჯერ „ჰონდას“ შეფი იყო, ფ1-დან იაპონური კომპანიის წასვლის შემდეგ კი გუნდი თავად გამოისყიდა და მისი ბოლიდით, ჯენსონ ბატონი 2009 წელს ჩემპიონი გახდა. მერე ეს გუნდი „მერსედესმა“ გამოისყიდა, რომელიც საჩემპიონოდ სწორედ ბრაუნმა ჩამოაყალიბა.

„სკაისთან“ ახლახანს მიცემულ ინტერვიუში ბრაუნმა განაცხადა, რომ თავის დროზე, ის ფ1-ში კვირაში შვიდი დღე და დღეღამეში 24 საათი იყო ჩართული და აღარ სურს, კვლავ ასეთ ინტენსიურ რეჟიმს დაუბრუნდეს. „არასდროს თქვა არასდროს, მაგრამ ამჟამად რასაც ვაკეთებ, იმით სრულად კმაყოფილი ვარ და ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც შეიძლება ფ1-ში დავბრუნდე“, - ამბობს ბრაუნი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095688