არაა გამორიცხული, რომ მომავალი სეზონიდან იტალიის დიდ პრიზს მორიგეობით უმასპინძლონ იმოლამ და მონცამ. მონცას მფლობელებმა ახლახანს განაცხადეს, რომ ყველა პრობლემა, მათ შორის ფინანსური და პოლიტიკური, უკვე მოაგვარეს და მზად არიან, ფ1-თან კონტრაქტი გააგრძელონ. მაგრამ ფორმულა ერთის პრომოუტერი ბერნი ეკლსტოუნი ჯიუტად იმეორებს, რომ მონცაზე რბოლების ჩატარების შანსი პრაქტიკულად ამოწურულია.
იმოლას ხელმძღვანელობას კი ბერნისთან უკვე გაუფორმებია წინასწარი კონტრაქტი. ამის შესახებ, ტრასის ხელმძღვანელმა უმბერტო სელვატიკო ესტენსემ, გამოცემა „მოტორსპორტს“ განუცხადა. მისი თქმით, ბერნიმ თავად გაუგზავნა შეთავაზება, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. „ბერნიმ იცის, რომ ჩვენ მზად ვართ და მოხარული ვიქნებით, თუ იტალიის დიდი პრიზის გამართვას ჩვენ მოგვანდობენ“, - ამბობს სელვატიკო ესტენსე.
ბერნი და იმოლას წარმომადგენლები ერთმანეთს სილვერსტოუნზე, ბრიტანული ეტაპის დროს შეხვდნენ. მართალია, წინასწარი შეთანხმება შედგა, მაგრამ იმოლაზე იტალიურ ეტაპს გადატან არ უწერია, თუ ამაზე თანხმობას იტალიის საავტომობილო კლუბი არ განაცხადებს, რომელიც იტალიის დიდი პრიზის ორგანიზატორია. კლუბის პრეზიდენტ ანჯელო სტიკი დამიანის კი მონცადან რბოლის გადატანა არ სურს.
არაა გამორიცხული კომპრომისული ვარიანტი, რა შემთხვევაშიც, იტალიის ეტაპს მონცა და იმოლა მორიგეობით უმასპინძლებენ, როგორც ამას გერმანული ეტაპის შემთხვევაში აკეთებენ ჰოკენჰაიმი და ნურბურგრინგი. იმოლაზე ფ1-ის რბოლები ადრეც ტარდებოდა, მაგრამ იტალიის დიდ პრიზს ამ ტრასამ მხოლოდ ერთხელ - 1980 წელს უმასპინძლა. ისე კი, იქ სან მარინოს დიდი პრიზის რბოლები (1981-2006 წლებში) იმართებოდა ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ იმოლას ენცო და დინო ფერარის სახელობის ტრეკზე ფ1-ის რბოლები 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. „უქმეობისას“, ტრასას მოდიფიკაცია ჩაუტარდა, განახლდა მისი სათავსოები. რეკონსტრუქცია კი ამ საქმის გერმანელმა ექსპერტმა ჰერმან ტილკემ ჩაატარა.







