სომხეთის ჩემპიონ "ალაშკერტის" მთავარი მწვრთნელი აბრაჰამ ხაშმანიანი მიიჩნევს, რომ "დინამო" მისი გუნდისთვის თავისი ისტორიით დიდ პრობლემას წარმოადგენს. როგორც მან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს თამაშების ადვილად მოგება შეუძლია, მისი გუნდი ხვალ მხოლოდ მაქსიმუმისთვის იბრძოლებს.
"ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ბომბარდირი მანასიანი, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო, გუნდმა გაასხვისა - მისი სახით, დიდი დანაკლისი მივიღეთ. სხვა მხრივ, დანაკლისი არ გვაქვს და ეს კარგია.
თბილისში გამართულ მატჩში ვინც ტრავმა მიიღო, მათი გამოჯანმრთელება ექიმების ხარჯზე სწრაფად მოხერხდა.
ასეთ მომენტებში შანსებს ხშირად 50%-50%-ზე აფასებენ, მაგრამ დღეს ამას ვერ ვიტყვი.
ის, რაც ისედაც ვიცოდით, კიდევ ერთხელ ვნახეთ: "დინამო" ძალზედ ორგანიზებული და დიდი ისტორიის მქონე გუნდია, ეს კი "ალაშკერტისთვის" ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, რამდენადაც ისტორიას ფეხბურთში დიდი ადგილი უკავია. "დინამო" ისეთი გუნდია, რომელსაც მარტივად შეუძლია მატჩების მოგება და ჩემპიონობა.
"დინამო" ძალიან სერიოზული მეტოქეა, რომელსაც კარგი ინფრასტრუქტურა აქვს. ადვილი მატჩი არც ხვალ გველის, ბოლომდე ბრძოლა გვმართებს", - განაცხადა ხაშმანიანმა.
სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის სოფო ერქვანია ერევნიდან