კალათბურთი

20:44 | 18.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვავეცისის მრავალფუნქციური ფიზმომზადების ვარჯიშები ეროვნულ ნაკრებში (+VIDEO)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, გუნდში 20 ივლისამდე შემდეგნაირი გრაფიკი დაწესდა: დილას ფიზმომზადება, საღამოს კი სტანდარტული ვარჯიში ბურთით. შესაბამისად, დღეს, დილით, ფიზმომზადების ბერძენმა მწვრთნელმა, გიორგიოს ვავეცისმა პირველი სრული ვარჯიში ჩაატარა.

ფიზმომზადებამ საქართველოს ნაკრებში უფრო ფართო და ახლებური მნიშვნელობა შეიძინა. ბერძენმა სპეციალისტმა ჩვენს ნაკრებში შემოიტანა ულტრათანამედროვე სისტემები, რომლებიც კოორდინაციას, რეაქციას, სისწრაფეს, მახვილგონივრულობას და სხვა მრავალ იმ უნარ-ჩვევას ანვითარებს, რაც თანამედროვე კალათბურთელს წარმატებული თამაშისთვის სჭირდება.

იმ ტექნოლოგიას, რითაც დღეს საქართველოს ნაკრებმა ივარჯიშა, ნბა-ს გუნდები და ევროპის მხოლოდ რამდენიმე კლუბი იყენებს. ვავეცისმა, რომელიც გასულ სეზონში ევროლიგის ოთხთა ფინალისტ კრასნოდარის „ლოკომოტივში“ მუშაობდა, საკუთარი აპარატურა-მოწყობილობები ჩამოიტანა. მისი ვარჯიში ჩვენი ნაკრების წევრებისთვის სასარგებლოც იყო და სახალისოც.

გამოვარჩევთ ყველაზე საინტერესო ვარჯიშს, რომელმაც კალათბურთელებში განსაკუთრებული ინტერესი, აზარტი და ხალისი გამოიწვია. 4 ძელი გვადრატულ განლაგებითაა აღმართული და თითოეულზე მანათობელი ფარია მიმაგრებული, რომელიც მწვრთნელის პლანშეტთან უკაბელოდაა დაკავშირებული. კვადრატის ცენტრში ერთმანეთის პირისპირ 2 მოთამაშე დგას, რომლებიც მათ წინ მდებარე 2 კუთხეს ხომ აკონტროლებენ და უნდა ეცადონ, გვერდითა მხედველობით დარჩენილი 2 კუთხეც გააკონტროლონ.

ჯოხებზე მიმაგრებული ნათურები 2 ფერში, სხვადასხვა მიმდევრობით ინთება. ერთი ფერი ერთი მოთამაშისაა, მეორე – მეორესი და რომლისაც აინთება, მან უნდა მიირბინოს კუთხეში და ხელის მიდებით ნათურა ჩააქროს. თუკი მისი თვალთახედვის არის მიღმა აინთება კუთვნილი ფერი, მეწყვილემ სწრაფად უნდა ანიშნოს.

მწვრთნელს ხელში პლანშეტი უჭირავს, სადაც კვადრატში მყოფი წყვილის რეაქციის დეტალები აისახება. ასე წყვილ-წყვილად შეეჯიბრნენ მოთამაშეები ერთმანეთს და გამარჯვებული გიორგი ცინცაძე გამოვიდა.

საინტერესო იყო ვარჯიში ასევე სპეციალური ფეხსაცმლით, რომელიც ძირს დაფენილ ბრეზენტზე ცურავდა და მოთამაშეებს კოორდინაციის უნარს უძლიერებდა. ასევე იყო სპეციალური ხელთათმანი, რომელიც ბურთის ფლობას ხელს უშლის და მისით რომ კალათბურთელი დრიბლინგს განახორციელებს, ხელთათმანის გარეშე ბურთის კონტროლს გაცილებით იოლად შეძლებს.

ვავეცისის ვარჯიშების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დარბაზში 6 კალათბურთელი შეიკრიბა, რომლებიც ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა სხვადასხვა კომპონენტებზე ავარჯიშეს. დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ლუკა ზაქრაძე და გიგი გოგობერიშვილი დრიბლინგით დაიტვირთნენ, რომლებსაც ხაზზე ჩამწკრივებული ძელების გავლა ზიგზაგოვანი დრიბლინგით უწევდათ.

მოედნის მეორე მხარეს სამწვრთნელო შტაბის ყველაზე ტანმაღალმა წარმომადგენელმა – იურიცა გოლემაცმა გიორგი შარაბიძე და ბექა ბურჯანაძე მეფარისთვის საჭირო კომპონენტებზე, ლიფსო-სროლებზე, სამწამიანში სწორ ბრუნებზე და სხვა მრავალ დეტალებზე ავარჯიშა.

დარბაზის ფიტნეს-განყოფილებაში ვარჯიშობდნენ ნიკა მეტრეველი და თორნიკე შენგელია. რამდენიმე დღეში შენგელია გუნდს მოედანზე შეუერთდება, მანამდე კი ექიმებისა და ფიზმომზადების მწვრთნელების მეთვალყურეობით ნაირგვარი ინდივიდუალური ვარჯიშებითაა დაკავებული. მეტრეველის საქმე კი შედარებით რთულადაა. მას 3 თვის წინ დაზიანებული საზარდული ბოლომდე არ აქვს მოშუშებული და შენგელიას მსგავსად, ფიტნესითაა დაკავებული.

ასეთი გრაფიკით ივარჯიშებს ნაკრები 19 ივლისს, 20-ში კი დაისვენებს და შემდეგ ვარჯიშები ერთმანეთს შეენაცვლება – ანუ დილას სტანდარტული, ზუროსის ტაქტიკა-კომბინაციებით გაჯერებული ვარჯიშები ჩატარდება, ხოლო საღამოს – ვავეცისის მრავლისმომცველი ფიზმომზადება.

www.gbf.ge

0.214681