სულ ცოტა ხნის წინ, „უილიამსი“ ფორმულა ერთის მესამე საუკეთესო გუნდად იყო მიჩნეული, მაგრამ დიდი შანსი აქვს იმისა, რომ კონსტრუქტორთა ჩათვლაში მეხუთემდე ჩამოქვეითდეს. კონკურენცია ძალიან ხისტია და მარტო „მერსედესის“ ძრავი, გროველებს მოწინავთა შორის ყოფნის გარანტიას ვეღარ აძლევს. მაგრამ როგორც ირკვევა, გუნდმა ძირითადი ყურადღება უკვე გადაიტანა მომავალი სეზონისთვის მზადებაზე.
„უილიამსის“ ტექნიკური დირექტორი პეტ სიმონდსი ამბობს, რომ გუნდს უკვე დაწყებული აქვს ახალი რეგლამენტის შესაბამისად, ახალი ბოლიდის მზადების პროცესი. რაც შეეხება ახლანდელ ბოლიდს, მისი სრულყოფაც გრძელდება და სეზონის ბოლომდე, რამდენიმე გეგმიური გაუმჯობესებაა მოსალოდნელი.
„ახლანდელ მანქანაზე რამდენიმე ადამიანი კვლავაც მუშაობს. მზადების პროცესშია რამდენიმე სიახლე. მათ შორისაა ახალი ძირი, რომელსაც უნგრეთში გამოვიყენებთ. ახალ ფრთას მონცაზე დავაყენებთ. მოკლედ, სიახლეებზე კვლავაც ვმუშაობთ. მაგრამ ჩვენი ინჟინრების უმეტესობა, შემდეგი სეზონის მანქანაზე მუშაობს“, - ამბობს სიმონდსი.
კითხვაზე, როდის გადაერთო გუნდი მომავალი სეზონისთვის მზადებაზე, სიმონდსი პასუხობს, რომ ეს დათქმულ დროზე არ მომხდარა. მისი თქმით, მომენტი, როცა თანამშრომლების უმეტესობა ახალ მანქანზე მუშაობაში ჩაერთო, ალბათ ივნისის დასაწყისში დადგა. თუმცა, ეს წინასწარ დათქმული არ ყოფილა.უბრალოდ, მცირდება იმ სამუშაოების მოცულობა, რომელიც ახლანდელი მანქანის სრულყოფას სჭირდება და პირიქით, მატულობს ის საქმე, რომელსაც ახალი სეზონისთვის მზადება მოითხოვს.
ამ ეტაპზე, გუნდისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბოლიდი FW38 მოსალოდნელზე უარესად მუშაობს. სავარაუდოდ მოსალოდნელია, რომ სეზონის ბოლოსთვის, „უილიამსს“ „ფორს ინდია“ უფრო დაეწევა, ვიდრე თავად შეძლებს „რედ ბულის“ და „ფერარის“ დაწევას., რომლებიც მეორე ადგილისთვის იბრძვიან. ბრიტანული ეტაპის შემდეგ, „უილიამსი“ „ფორს ინდიას“ 19 ქულას უგებს, თავად კი „რედ ბულს“ 106 ქულით ჩამორჩება.
„ვფიქრობ, ჩვენმა კონკურენტებმა უფრო სწრაფად შეძლეს განვითარება, ვიდრე ველოდით. შესაძლოა, ამ სეზონისთვის მზადებისას, მოკრძალებული მიზნები დავისახეთ. ჩვენმა მეტოქეებმა კი გაცილებით მეტს მიაღწიეს. მთავარი ფაქტორი კი ისაა, რომ მეტნაკლებად გათანაბრდა ძალური დანადგარების სიმძლავრეები. სწორდ აქ დავკარგეთ იმ უპირატესობის ნაწილი, რომელიც ადრე გვქონდა“, - ამბობს სიმონდსი.
უფრო მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ „მერსედესის“ აგრეგატის უპირატესობა კიდევ უფრო შემცირდება და წინა პლანზე წამოიწევს გზის საფართან ჩაჭიდების ფაქტორი, რომლის გაზრდის საშუალებასაც, ახალი ტექნიკური რეგლამენტი გვაძლევს. გარდა ამისა, თუ „პირელი“ მოახერხებს, რომ საბურავებმა უფრო დიდხანს შეინარჩუნონ თვისებები, ვიდრე ამჟამად შეუძლიათ, რბოლისას სტრატეგიული ელემენტის ფაქტორი შემცირდება და ზოგ რბოლაში თითო პიტ სტოპიც საკმარისი იქნება.







