ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კარელ იაროლიმი დანიშნა. 59 წლის სპეციალისტმა ამ თანამდებობაზე პაველ ვრბა შეცვალა, რომლის დამოძღვრილმა ჩეხეთის ნაკრებმა ევრო 2016-ზე ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვრბამ მახაჩყალის “ანჟი” ჩაიბარა.
რაც შეეხება ჩეხთა ახალ თავკაცს, იაროლიმი ბოლო ორი წელიწადია “მლადა ბოლესლავის” მთავარი მწვრთნელია. როგორც ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ახალი მწვრთნელი ეროვნულ გუნდში მუშაობას აგვისტოდან შეუდგება და მისი მიზანი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება იქნება. იაროლიმი გარკვეული პერიოდის განმავლობაში პარალელურად კლუბშიც განაგრძობს საქმიანობას.