ინგლისის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” ნახევარმცველ ნგოლო კანტეს სატრანსფერო თავგადასავალს როგორც ჩანს, წერტილი დაესვა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, ფრანგმა ფეხბურთელმა ლონდონის “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და სულ მალე კონტრაქტსაც გააფორმებს.
“არისტოკრატებს” კანტეს შეძენა 36 მილიონი ევრო დაუჯდათ და ფეხბურთელი “სტემფორდ ბრიჯზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება. იგი, გუნდის სათავეში ანტონიო კონტეს მისვლის შემდეგ, “ჩელსის” პირველი ახალწვეულია.
ისე, ბევრი კი ისაუბრა “ლესტერის” მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ კანტეს გავუგებთ თუ წასვლას გადაწყვეტს, მაგრამ ჩვენ მას ახლა კონტრაქტს მაინც შევთავაზებთო, მაგრამ ვინ დააცადა?! – შეგახსენებთ, ნგოლოს აქამდე “ბულონსა” და “კაენში” უთამაშია, თუმცა გასული სეზონი მისთვის მთლიანად გარდამტეხი აღმოჩნდა.