სამწუხაროდ, ქართული კლუბებისთვის ევროპის ლიგა ერთი კვირის წინ დასრულდა, შარშანდელივით პირველივე ეტაპზე გამოვეთიშეთ. ქართველი ლეგიონერები კი თავიანთ კლუბებში თამაშობდნენ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე და გუშინ თავიც გამოიჩინეს.
ნიკა კვეკვესკირის "გაბალამ" სტუმრად 2:1 მოუგო უნგრულ მტკ-ს და მესამე ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. კვეკვესკირმა 25-ე წუთზე გახსნა ანგარიშით, როცა მარცხენა ფლანგზე დანიშნული საჯარიმოდან გაიტანა: დაბალი ბურთი დაარტყა ახლო კუთხეში (VIDEO). ნიკამ ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
შეგახსენებთ, "გაბალამ" პირველ ეტაპზე "სამტრედია" გამოთიშა.
ჩეხეთის "სლავიამ" სტუმრად 1:3 წააგო ესტონურ "ლევადიასთან". ლევან ყენია 61-ე წუთზე შევიდა მინდორზე და წუთნახევარში საგოლე პასი მიითვალა: მის მარცხნიდან ჩაწოდებულს მოჰყვა თავური. ისე, "სლავია" მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და მაინც წააგო.
კახა ცხადაძე-შოთა არველაძე 1:1. ყაზახური "ქაირათი" დებიუტში დაწინაურდა ანდრეი არშავინის გოლით, მაგრამ ბოლო წუთზე "მაკაბიდან" იოსი ბენაიუნმა გაათანაბრა. როგორც ხედავთ, ინგლისის პრემიერლიგის ყოფილმა ცნობილმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.
საპასუხო მატჩის წინ, რა თქმა უნდა, შოთას გაწვრთნილებს მეტი შანსი აქვთ.
დავა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ "ქაირათს" ორი გოლი არ ჩაუთვალეს, აქედან ერთი, ბოლო წამებზე. ამასთან, "ქაირათის" ფეხბურთელიც გააძევა ბოლოს.
ცხადაძე მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა: "მატჩის შემდეგ მსაჯთან მივედი და ვკითხე, თუ რატომ გააძევა ისლამხანი და პასუხმა ვერ დამაკმაყოფილა. იქ წესის დარღვევა ვერ დავინახე, მაგრამ მსაჯმა თუ ასე გადაწყვიტა, რას ვიზამ?!".