კალათბურთი

1:01 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი “პანათინაიკოსში”?
ქართველი კალათბურთელი პედულაკისის პირველი არჩევანია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მანუჩარ მარკოიშვილმა, შესაძლოა, კარიერა ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდ ათენის “პანათინაიკოსში” გააგრძელოს. ამ ინფორმაციას eurohoops.net და მთელი რიგი ბერძნული წყაროები ავრცელებენ.

როგორც ირკვევა, “პანათინაიკოსის” მთავარი მწვრთნელი არგირის პედულაკისი ვლადიმირ იანკოვიჩის შემცვლელის ძიებაშია და 3 ნომრის პოზიციაზე პირველ კანდიდატურად სწორედ მარკოიშვილს განიხილავს.

ეს გასაკვირიც არაა. პედულაკისი ისეთ კალათბურთელს არჩევს, რომელიც შორი დისტანციიდან კარგად უტევს (მარკოიშვილი კარიერის განმავლობაში პერიმეტრიდან 37%-იანი სიზუსტით ესვრის), ევროლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს და დაცვაში კარგი გარჯით გამოირჩევა. მანუჩარი ყველა ამ კომპონენტს აკმაყოფილებს.

ბერძნულმა კლუბმა უკვე შეავსო ლიმიტი არაევროპელ კალათბურთელებზე (გისტი, ჯეიმსი, სინგლეტონი, ფელდეინი) და ახლა მხოლოდ 2 ევროპელი ლეგიონერის აყვანის უფლება აქვს. ცნობილია, რომ ახლა “პაოს” თითო მცველის (მსროლელის) და მსუბუქი ფორვარდის შემატება სურს (ეს პოზიცია კლუბში საერთოდაც ვაკანტურია).

ამის გათვალისწინებით, მარკოიშვილი იდეალური კანდიდატურაა და სავარაუდოა, რომ ათენელები სწორედ ქართველს ამჯობინებენ ესპანელ ვიკტორ კლავერს, რომელიც “მწვანეების” ინტერესის სფეროში ასევე ხვდება.

ბერძნული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, “პანათინაიკოსსა” და მარკოიშვილს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ქართველ კალათბურთელს ათენში გადაბარგების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველმა მცველმა გასული სეზონი სტამბოლის “დარუშაფაკას” რიგებში გაატარა და ევროლიგაში საშუალოდ 6.2 ქულას აგროვებდა, თურქეთის ჩემპიონატში კი – 7.0 ქულას.

ცნობისთვის, მომავალი სეზონისთვის “პანათინაიკოსში” საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა იკრიბება. მიმდინარე ზაფხულში ათენელებმა უკვე შეიმატეს იოანის ბურუსისი, კრის სინგლეტონი და მაიკ ჯეიმსი, რომელიც ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის რანგში საქართველოს ნაკრების კანდიდატად მოიაზრება.

0.116655