ქართველი ჩოგბურთელები სოფო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე თურქეთის ქალაქ ბურსაში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ. ქართველები ერთეულებში მეოთხედფინალში გავიდნენ, წყვილებში კი უკვე ნახევარფინალში არიან.
ერთეულებში მე-3 ნომრად განთესილმა შაფათავამ 32 წლის უზბეკი აკგულ ანანმურადოვა, რომელიც მსოფლიოს 326-ე ჩოგანია, 8 წლის წინ კი, საუკეთესო ორმოცდაათეულში იმყოფებოდა, 6:3, 7:6 (10:8) დაამარცხა.
მეოთხედფინალში სოფოს მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელი დეა ჰერძელასი იქნება. ამ უკანასკნელმა პირველ რაუნდში რუსეთის სახელით მოთამაშე ნათელა ძალამიძეს 7:6 (7:3), 6:3 სძლია, დღეს კი ბერფუ ჩენგიზს 6:0-ს უგებდა, როდესაც თურქმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
მეოთხედფინალში მე-8 რეიტინგის მქონე მაკედონიელ ლინა გორჩესკასთან ჭიდილი ელის გორგოძეს, რომელმაც მე-4 ნომრად მიჩნეულ უკრაინელ ვალერია სტრახოვას 6:4, 6:3 სძლია. თავის მხრივ, გორჩესკამ რუს ანასტასია კომარდინას 3:6, 6:1, 6:2 მოუგო.
წყვილებში გორგოძეს და შაფათავას “უაილდ ქარდის” მქონე თურქულ-რუსულ დუეტთან (ჩენგიზი-გასანოვა) უნდა ეთამაშათ, თუმცა, მეტოქეები კორტზე არ გამოცხადდნენ. ნახევარფინალში ეკატერინე და სოფო რუს კომარდინას და სერბ სტოიანოვიჩს გაეჯიბრებიან.