უეფა 2013 წლიდან ატარებს უეფას ახალგაზრდულ ლიგას, რომელშიც მონაწილეობენ 19-წლამდელთა გუნდები: როგორც დიდ ჩემპიონთა ლიგაში გასული კლუბების 19-წლამდელთა გუნდები, ასევე თავიანთ ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულები. უეფამ შარშან გააფართოვა ტურნირი და შესაბამისად, შარშანვე საქართველოს ჩემპიონმა (ჭაბუკთა ლიგაში) “საბურთალომ” მიიღო მონაწილეობა, რომელსაც დანიის ასაკობრივი ჩემპიონატის მომგები “მიდტიულანდი” შეხვდა და საბურთალოელებმა ორივე შეხვედრა წააგეს (1:3, 1:2).
წლეულს კი ეს უფლება თბილისის “დინამომ” მოიპოვა, რომელმაც 1998/99 წლებში დაბადებულებს შორის მოიგო ჭაბუკთა ლიგა.
იყო საფრთხე, რომ შარშან ქართული კლუბების მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგებისა და საქართველო საკლუბო რეიტინგში დაქვეითების გამო, ჩვენი ჭაბუკთა ლიგის გამარჯვებული უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ვერ გავიდოდა. უეფა ყველა ქვეყანას როდი აძლევს ამ უფლებას: უსუსტესი ქვეყნის 19-წლამდელები ვერ გადიან. აქ უკვე გამართლებაზეა: თუ ეროვნულ ასაკობრივ ლიგაშიც ის კლუბი იმარჯვებს, რომლის მთავარი გუნდიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში ხვდება, ადგილი თავისუფლდება სუსტი ქვეყნის ჩემპიონებისთვის.
თბილისის “დინამო” ბეწვზე გადარჩა, რეიტინგით 34-ე ადგილზე ვიყავით ამ ზაფხულს, ევროტურნირების წინ და ეს გვეყო. ასე რომ, წინასწარი ინფორმაციით, დინამოელთა ჭაბუკთა ლიგის გუნდი ითამაშებს უეფას ახალგაზრდულ ლიგაში. თამაში შეუძლიათ 1998 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს, თუმცა შესაძლებელია 1997 წელს დაბადებული სამი ფეხბურთელის დამატება.
ვინ იქნება “დინამოს” მეტოქე, ეს 25 აგვისტოს ნიონში გაირკვევა წილისყრისას. პირველი ეტაპის მატჩები 13/14 და 27/28 სექტემბერს გაიმართება.
სავარაუდო მეტოქეთა შორის არიან ჰოლანდიის “აიაქსი”, ბერძნული პაოკი, ბელგიის “ანდერლეხტი”, დანიის “მიდტიულანდი”, შოტლანდიის “სელტიკი”, მოსკოვის “დინამო”, პოლონეთის ”ლეგია” და სხვები.
ისიც დავამატოთ, რომ უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა სამჯერ გაიმართა და პირველად, 2014 წელს “ბარსელონამ” მოიგო, შემდეგ კი ზედიზედ ორჯერ “ჩელსიმ”.