სხვა

15:34 | 14.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

სპორტული ინფრასტრუქტურის და სპორტის სტატისტიკის მართვის სისტემები (+VIDEO)

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სპორტული ინფრასტრუქტურის და სპორტის სტატისტიკის მართვის სისტემის შემუშავება 2015 წლიდან მიმდინარეობს.

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ვასილ ლიპარტელიანმა და პროექტის „სპორტული ინფრასტრუქტურის და სპორტის სტატისტიკის მართვის სისტემების" კოორდინატორმა ლაშა გოდუაძემ ჟურნალისტებს უმასპინძლეს.

„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს სპორტის სტატისტიკის და ინფრასტრუქტურის ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნაზე. სამწუხაროდ, სადღეისოდ არ არსებობს სპორტის სტატისტიკის ერთიანი ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის მეშვეობით.

ჩვენი პროექტის მიხედვით, აღნიშნული ბაზა გააერთიანებს მონაცემებს როგორც სპორტსმენების, ასევე სპორტული კლუბების, მწვრთნელების, სპორტული ფედერაციების და სხვა სუბიექტების თაობაზე. ასევე მონაცემებს საქართველოს მასშტაბით ყველა სპორტული ობიექტის შესახებ.

ჩვენი სურვილია ამ პროექტის მუშაობაში სპორტული ჟურნალისტებიც ჩაერთონ, რათა საბოლოო შედეგი ყველასთვის მისაღები იყოს, ხოლო სამუშაო პროცესი უფრო მოქნილი და ეფექტური გახდეს. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ამ პროექტის მნიშვნელობას ყველა თვალნათლივ დაინახავს", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ვასილ ლიპარტელიანმა განაცხადა: „აღნიშნული პროექტის განხორციელება ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს საქართველოს შექმნას სრულფასოვანი ბაზა, რომელიც მოიცავს ზემოხსენებულ მონაცემებს. სამინისტრომ დააკომპლექტა რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, რომელიც აგროვებს მონაცემებს და საერთო ელექტრონულ ბაზაში ათავსებს.

პროექტის მეორე ეტაპი მოიცავს ინფორმაციის დამუშავებას, ელექტრონული ვებ-გვერდის დიზაინის შექმნას და მონაცემების განთავსებას, რის შემდეგაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება ისარგებლოს აღნიშნული სერვისით და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სპორტული ობიექტების, სპორტსმენების, მწვრთნელების, სპორტული სექციებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ".

„სპორტული სტატისტიკის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის მიწურულს დაიწყო. განვლილ პერიოდში სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე თითქმის ყველა სპორტული სახეობის შესახებ განთავსდა მონაცემები - სპორტსმენთა შედეგები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ზღვა მასალაა დასამუშავებელი, სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა.

სამინისტროს ინიციატივით ჩამოყალიბდა ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელმაც პირველი ეტაპის მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელა. სადღეისოდ მოძიებულია 1981-2012 წლებში სპორტსმენთა მეტ-ნაკლებად სრული შედეგები სპორტის ცხრა სახეობაში (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ძიუდო, ტყვიის სროლა, მშვილდოსნობა, კრივი, ფარიკაობა, ჩოგბურთი, ძალოსნობა).

მასალა ამჟამად მუშავდება და შემოდგომით მის საიტზე განთავსებას ვგეგმავთ. პროექტის მიხედვით, სტატისტიკური მონაცემების შეკრება-მოძიებაზე კონკრეტული ჯგუფი იმუშავებს, რომელიც დროთა განმავლობაში სპორტული შედეგების მონაცემთა ერთიანი და მაქსიმალურად სრულყოფილი ბაზის შექმნას შეეცდება", - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა, სპორტულმა ჟურნალისტმა ლაშა გოდუაძემ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პროექტთან დაკავშირებული შეხვედრები სამინისტროში დროგამოშვებით გაიმართება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120089