რიო დე ჟანეირო ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ ემზადება. ორგანიზატორები გახსნის ცერემონიალსა თუ სხვა თვალსასეირო ღონისძიებებში მსოფლიოში სახელგანთქმული ბრაზილიელების აქტიურად ჩართვას გეგმავენ. მათ შორის ყველაზე პოპულარული რა თქმა უნდა პელეა. თუმცა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ოფიციალურ პროგრამას არ დაელოდა და თავისი ინიციატივით მიიქცია მსოფლიოს ყურადღება.
"მე შევქმენი და ჩავწერე სიმღერა, რომელიც რა თქმა უნდა მომავალ ოლიმპიურ თამაშებს მივუძღვენი. "იმედი" - ასე დავარქვი ამ სიმღერას და მოუთმენლად ველი 15 ივლისს, როდესაც ჩემს ნამუშევარს ყველას მოგასმენინებთ" - დაწერა პელემ ტვიტერში.
მსოფლიო ფეხბურთის მეფის მუსიკისადმი ლტოლვა მისი გულშემატკივრებისთვის სიახლე არაა. პელემ ჯერ კიდევ 1969 წელს, 29 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა ცნობილი ბრაზილიელი მომღერლის ელის რეჯინას ალბომის (Elis Regina & Pele — Tabelinha) ჩაწერაში. 2014 წელს კი მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი პოპულარული ჯგუფის - One Direction -ის კონცერტისას სცენაზე ავიდა და განაცხადა, რომ ამ ჯგუფის თაყვანისმცემელია და სურს მას გიტარისტის რანგში დაემატოს.