სხვა

1:30 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრმა ძალოსნებს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, 12 ივლისს დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მდებარე სპორტკომპლექსში საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებს წევრებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილიც ესწრებოდა, თბილისში დასრულებული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი შეჯამდა. საუბარი იყო ფედერაციის სარგებლობაში არსებული ახალი სპორტული ინვენტარის სხვადასხვა რეგიონში დარიგების შესახებ, ასევე დასახელდა საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა 5-21 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში გასამართ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.

ფედერაციისა და სამწვრთნელო შტაბის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსებას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+105 კგ), ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე (+105) და 2012 წლის ევროპის ჩემპიონი რაულ ცირეკიძე (94 კგ) დაიცავენ. ფედერაციის წარმომადგენელთა თქმით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს კიდევ 1 ლიცენზია გამოუყოს, რაც საბოლოოდ 18 ივლისს გაირკვევა.

მინისტრმა ახალგაზრდა ძალოსნებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული შედეგები და გამარჯვება მიულოცა, ეროვნული ნაკრების წევრებს კი ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა. ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა სამინისტროს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

შეგახსნებთ, რომ თბილისმა ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს 25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით უმასპინძლა. ახალგაზრდა ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯამში 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონი + 105 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხეიძე გახდა, ვერცხლს კი +75 კგ-ში ანასტასია გოტფრიდი დაეუფლა.

რაც შეეხება რიოს ოლიმპიურ თამაშებს, ბრაზილიაში რაულ ცირეკიძე მედლებისათვის 13 აგვისტოს იბრძოლებს, ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე კი 16 აგვისტოს იასპარეზებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.114707