News

23:20 | 12.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

იარაბეკი: "ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ"

“დინამო” თბილისმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სომხურ “ალაშკერტს” 2:0 მოუგო. მატჩის შემდეგ საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ისაუბრა. მისი თქმით, დღეს გუნდის თამაშით კმაყოფილია – იყო შეცდომები პირველ ტაიმში, მაგრამ მეორე ნახევარში ბიჭებმა ჩემი დავალებები იდეალურად შეასრულესო.

იურაი იარაბეკი (“დინამო” თბილისის მთავარი მწვრთნელი): “ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი შეხვერდა გამოგვივიდა, მაგრამ მეტოქემაც ორგანიზებულად ითამაშა. მათ ხუთ მცველიანი ტაქტიკა აირიჩიეს და თამაში კონტრშეტევაზე ააწყვეს. ჩვენ რა თქმა უნდა, ვეცადეთ სწრაფი გოლი გაგვეტანა, მაგრამ რამდენიმე შეცდომა დავუშვით. მეორე ტაიმში კი, ბიჭებს უფრო მეტად თავისუფლად მოქმედება დავავალე, რამაც შედეგი გამოიღო. ჩემი აზრით, კარგი მატჩი ჩავატარეთ.

მეორე ტაიმში მოხდარ ცვლილებებზე – მეორე ტაიმი, როგორც აქამდე აღვნიშნე, უკეთესად ჩავატარეთ. უჩა ლობჟანიძემ ტრავმა მიიღო, ველევი მის პოზიციაზე გადავიყვანეთ, ხოლო ოთარ კიტეიშვილი შეხვედრაში დინამიურად ჩაერთო და ულამაზესი გოლიც გაიტანა. ველევის მარჯვენა მცველად დაყენება კი შეკრებაზეც მოგვიწია და ჩვენ ვიცოდით ამ პოზიციაზე მისი შესაძლებლობები.

გიორგი პაპუნაშვილზე – გიორგი პაპუნაშვილმა ცოტა ხნის წინ განაახლა ვარჯიში. მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და რაც მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. არ ვიცი, როდის ჩადგება იგი სრულ ფორმაში, მაგრამ ვფიქრობ, თუ შემდეგ ეტაპზე გავალთ, პაპუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

მეტოქეზე - ამ შეხვედრაში კი მიმაჩნია, რომ მთავარ მიზანს მივაღწიეთ – გოლი არ გავუშვით და გავიმარჯვეთ. რაც შეეხება მეტოქეს, “ალაშკერტი” ძალიან კარგი გუნდია. სხვა თუ არაფერი, იგი თავისი ქვეყნის ჩემპიონია.

ნახევარმცველების თამაში – პირველ ტაიმში გვიჭირდა, მაგრამ ოთარ კიტეიშვილის მოედანზე გამოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და თამაშში გარდატეხაც შევიტანეთ.

ლეგიონერებზე, მატიას კურიეზე – როდესაც მწვრთნელს კარგი სათადარიგო სკამი ჰყავს, ეს მხოლოდ ფუფუნება და დიდი ბედნიერებაა. რაც შეეხება უშუალოდ კურიეს, მისი სკამზე ყოფნა მხოლოდ კონკურენციაზე მიუთითებს – ლეგიონერების დამატება კი არ ნიშნავს, რომ იგი ავტომატურად სასტარტო შემადგენლობაში მოხვდება.

ატმოსფერო სტადიონზე – ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, რომელიც სტადიონზე მოვიდა მხარი დაგვიჭირა. საკმაოდ ლამაზი გარემო იყო “დინამო არენაზე” და ამისთავის დიდი მადლობა გულშემატკივარს.

“დინამოსა” და “ალაშკერტის” საპასუხო მატჩი ერევანში ერთი კვირის შემდგომ გაიმართება.

0.112893