გერმანიის ჩემპიონმა მიუნხენის “ბაიერნმა” ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი წარადგინა. აპენინელმა სპეციალისტმა მედიას გერმანულად მიმართა და მომავალში ენის ცოდნის დახვეწასაც დაპირდა. გარდა ამისა, ანჩელოტიმ ბევრ საინტერესო თემაზეც ისაუბრა.
“აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ – მსოფლიოს საუკეთესო გუნდში. დრო თითქმის აღარაა, ახალი სეზონი უკვე იწყება. პეპ გვარდიოლამ უდიდესი სამუშაო გასწია ბოლო წლების განმავლობაში და ამიტომაც, ჩვენ დიდი გუნდი გვყავს, რომელსაც ყველა ტურნირის მოგება შეუძლია.
იმედი მაქვს, “ბაიერნისთვის” და მისი გულშემატკივრებისთვის კარგი სეზონი იქნება. რაც შეეხება ჩემს გერმანულს, იმედია, მომდევნო თვეებში გავაუმჯობესებ – ასე ყველასთვის აჯობებს.
“ბაიერნს” დიდი საფეხბურთო ტრადიციები გააჩნია. მე შემტევი ფეხბურთის თამაში მომწონს, ჩვენ კი ძალიან შეკრული გუნდი გვყავს. ფეხბურთელებს გავესაუბრები ინდივიდუალურად, ჩემი სათამაშო იდეები მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რევოლუცია გუნდში არ იქნება.
მეორე იტალიელი ვარ, რომელიც “ბაიერნს” გაწვრთნის – იმედია დავტოვებ კარგ მოგონებებს, როგორც ეს ჯოვანი ტრაპატონიმ მოახერხა. ტრანსფერები? – რენატუ სანჩესი და მატს ჰუმელსი დიდებული ფეხბურთელები არიან, თუმცა 31 აგვისტომდე დრო ჯერ კიდევაა”, - განაცხადა ანჩელოტიმ წარდგენისას.