ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის მორიგ ეტაპზე 11 ივლისი დასვენების დღეა, 8 ტურის თავზე კი ტურნირს 5.5 ქულით ინდოელი დრონავალი ჰარიკა (2526) ლიდერობს.
გასულ ტურში ჰარიკა შავი ფიგურებით ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ანტუანეტა სტეფანოვას (2512) დაუზავდა. ბულგარელს ინდოელი ჰამპი კონერუს (2575) და ჩინელ ვენჯუნ ჟუს (2578) მსგავსად, 5.0 ქულა აქვს და მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს.
შეგახსენებთ, რომ ჩენგდუში 2 ქართველი მოჭადრაკეც თამაშობს. მე-8 ტურში ორივემ ფრედ ითამაშა: ბელა ხოტენაშვილმა (2454) თეთრი ფიგურებით ხსენებულ ჟუსთან, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა (2487) შავებით – კიდევ ერთ ჩინელ ქსუე ჟაოსთან (2510).
შედეგად, ხოტენაშვილი 4.0 ქულით 12 მონაწილეს შორის მე-6 ადგილზეა, ხოლო ჯავახიშვილს 3.0 ქულით მე-10 პოზიცია უკავია. მე-9 ტურში, რომელიც 12 ივლისს შედგება, ხოტენაშვილი შავებით ლიდერ დრონავალის ეთამაშება, ჯავახიშვილი კი თეთრებით – რუს ოლგა გირიას (2444), რომელიც 4.0 ქულით მე-5 ადგილზეა.