გერმანიის ქალაქ დორტმუნდში სტარტი აიღო საჭადრაკო სამყაროს ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა სუპერტურნირმა.
მცირე რამ ისტორიიდან: საჭადრაკო ტურნირები დორტმუნდში 1928 წლიდან ტარდება, ხოლო 1973 წლიდან საჭადრაკო ღონისძიებამ უკვე ფესტივალის სახე მიიღო. მთავარი სუპერტურნირის პარალელურად იმართება მასობრივი ღია ტურნირიც.
აღსანიშნავია, რომ მისი გამარჯვებული ყველაზე მეტჯერ (10) მსოფლიოს ექსჩემპიონი ვლადიმირ კრამნიკი გამხდარა, თუმცა, ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველობას არავის უთმობს შარშანდელი გამარჯვებული ფაბიანო კარუანა.
1979 წელს დორტმუნდის ტურნირში ქართველმა საერთაშორისო დიდოსტატმა თამაზ გიორგაძემ იმარჯვა.
წლევანდელი ტურნირი 9 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით მართება, დღეს და 14 ივლისს კი მონაწილეები ისვენებენ.
ტურნირის მონაწილეები არიან: ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2812), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2810), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2798), ლენიერ დომინგესი (კუბა, 2713), რუსლან პონომარიოვი (უკრაინა, 2706), ევგენი ნაიერი (რუსეთი, 2687), ლივიუ-დიტერ ნისიპეანუ (გერმანია, 2674), რაინერ ბაუმანი (გერმანია, 2653).
საწყისი 2 ტურის თავზე 1.5-1.5 ქულით პონომარიოვი და ვაშიე-ლაგრევი ლიდერობენ, ნისიპეანუს, ნაიერს, დომინგესსა და კრამნიკს კი თითო-თითო ქულა აქვთ.