სხვა

12:12 | 11.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნებმა ოლიმპიური სამეული შეავსეს

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. ქართველი ძალოსნების ანგარიშზე ოლიმპიადის სამი ლიცენზიაა. განაცხადის ორი წევრის ვინაობა ადრიანადვე გაირკვა - გუნდის სამწვრთნელო შტაბი და ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელობა ღიად აცხადებდნენ, რომ მძიმეწონოსნებს: ევროპის შარშანდელ ჩემპიონ ირაკლი თურმანიძეს და მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს (ორივე +105 კგ) განაღდებული ჰქონდათ რიოს ფიცარნაგზე გასვლა. მესამე ლიცენზიანტის თაობაზე კი გადაწყვეტილება ახლაღა მიიღეს და მის შესახებ "მსოფლიო სპორტს” ნაკრების თავკაცმა აცნობა.

"თურმანიძისა და ტალახაძის გარდა ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით რაულ ცირეკიძე (94 კგ) გამოვა. დიდხანს ვფიქრობდით, განაცხადში ის შეგვეყვანა თუ გიორგი ჩხეიძე (105 კგ), რომელიც ახლახან ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. საბოლოოდ არჩევანი ცირეკიძეზე შევაჩერეთ. თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ლიცენზიებს დაგვიმატებს და ოლიმპიადაზე შანსი ჩხეიძეს და ანასტასია გოტფრიდსაც (+75 კგ) მიეცემათ. საბოლოო პასუხი სავარაუდოდ 18 ივლისს გვეცოდინება” – გვითხრა გიორგი ასანიძემ.

საქართველოს ნაკრები ოლიმპიური თამაშებისთვის ბაზალეთში ემზადება. შეკრება აგვისტოს დასაწყისში დასრულდება და მთავარი მწვრთნელი ტალახაძესთან და თურმანიძესთან ერთად რიო დე ჟანეიროში 4 აგვისტოს ჩაფრინდება. რაულ ცირეკიძე კი ბრაზილიაში სხვებზე ადრე – 26 ივლისს გაემგზავრება.

"ცირეკიძის წონაში ოლიმპიური მედლები 14 აგვისტოს გათამაშდება. ტალახაძე და თურმანიძე კი საქმეში 16-ში ჩაებმებიან” – დასძინა ასანიძემ.

0.116425