ავტოსპორტი

4:00 | 11.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის მეოთხე გამარჯვება სილვერსტოუნზე

მიუხედავად იმისა, რომ ლუის ჰამილტონისთვის ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლა ხიფათით დაიწყო, მან მაინც სტარტიდან ფინიშამდე შეძლო პოულის უპირატესობის შენარჩუნება და სილვერსტოუნზე ზედიზედ მესამე, სულ კი მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ეს გამარჯვება მან მოგვიანებით ფანებში „ლივლივით“ აღნიშნა - დაჯილდოების და რბოლის შემდგომი პრეს კონფერენციის შემდეგაც, პიტლეინის გასწვრივ თავმოყრილი ფანები მანამ არ დაიშალნენ, სანამ ჰამილტონმა დამცავი ბადე გადალახა და მათთან „დაეშვა“.

რბოლის წინ ძლიერი წვიმა მოვიდა, რის გამოც, რბოლა უსაფრთხოების მანქანამ გახსნა. ჰამილტონს მოულოდნელი ხიფათი სწორედ მის უკან შეემთხვა. მოსახვევ კოპსში შესვლამდე, ის ლამის დაეჯახა უსაფრთხოების მანქანას. მისგან თავისი ბოლიდის ასარიდბლად, ჰამილტონს გზიდან გადასვლაც კი დასჭირდა. რბოლის შემდეგ განაცხადა, რომ სველ ტრასაზე, პეისქარის დაბალი სიჩქარის გამო, მუხრუჭების გახურება ვერ შეძლო და კოპსში უკანა მუხრუჭებმა უმტყუნა.

„მუხრუჭების გახურებას ვცდილობდი, მაგრამ უსაფრთხოების მანქანა ისე ნელა მოძრაობდა, ეს ვერ მოვახერხე. დავამუხრუჭე, მაგრამ ამან არ იმოქმედა. ამიტომ, ლამის უსაფრთხოების მანქანას დავეჯახე“, - განაცხადა ჰამილტონმა. მისივე თქმით, საჭირო არ იყო სტარტის უსაფრთხოების მანქანის წინამძღოლობით რბოლის დაწყება. „2008 წელს ტრასაზე გაცილებით მეტი წყალი იყო და ჩვენ მაინც ჩვეულებრივი სტარტი ავიღეთ. მის ტემპში იმდენად ბევრი ვიარეთ, რომ როცა ტრასიდან გავიდა, ჩვენ უკვე საშუალო წვიმის საბურავები გვჭირდებოდა“.

მოკლედ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა თავის კარიერაში 47-ე გამარჯვება მოიპოვა და ამით, ნიკო როსბერგთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა. გერმანელმა რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა, მაგრამ მოგვიანებით მსაჯებმა დაადგინეს, რომ გუნდმა სპორტული რეგლამენტი დაარღვია (გუნდმა რადთი ურჩია, ტრანსმისიის მე-7 საფეხური არ გამოეყენებინა), რის გამოც, როსბერგის დროს 10 წამი დაუმატეს. ეს კი საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ როსბერგი მესამე ადგილზე გადასულიყო. მისი მეორე ადგილი კი მაქს ფერსტაპენს დარჩა.

აღსანიშნავია, რომ სანამ ტრასა სველი იყო, „რედ ბულის“ ჰოლანდიელმა თინეიჯერმა ერთხელ შეძლო როსბერგის გასწრება, თუმცა მოგვიანებით, მისგან ხურდა მიიღო და საბოლოოდ, 1.3 წამით ჩამორჩა.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

სილვერსტოუნი, დისტანცია 306.198 კმ (5.891 კმ, 52 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:34:55.831
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) +00:08.250
  3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:16.911
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:26.211
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 01:09.743
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:16.941
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 01:17.712
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:25.858
  9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 01:31.654
  10. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 01:32.600
  11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
  12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1 წრე
  15. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე

17გ. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 3 წრე

გ. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 15 წრე

გ. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 28 წრე

გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 35 წრე

გ. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 41 წრე

გ. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 46 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი - 1:35.548, 44-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი - 168 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 167; 3. კიმი რაიკონენი - 106; 4. დანიელ რიკიარდო - 100; 5. სებასტიან ფეტელი - 98; 6. მაქს ფერსტაპენი - 90; 7. ვალტერი ბოტასი - 54; 8. სერხიო პერესი - 47; 9. ფელიპე მასა - 38; 10. რომენ გროჟანი - 28; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 26; 12. კარლოს საინსი - 26; 13. დანილ კვიატი - 23; 14. ფერნანდო ალონსო - 18; 15. ჯენსონ ბატონი - 13; 16. კევინ მაგნუსენი - 6; 17. პასკალ ვერლაინი - 1; 18. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. მერსედესი - 335 ქულა; 2. ფერარი - 204; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 198; 4. უილიამს-მერსედესი - 92; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 73; 6. ტორო როსო-ფერარი - 41; 7. მაკლარენ-ჰონდა - 32; 8. ჰაას-ფერარი - 28; 9. რენო - 6; 10. მენორ-მერსედესი - 1; 11. ზაუბერ-ფერარი - 0

0.168112