ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ჰოლანდიურ ამსტელვეენში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარი გახლდათ.
მეტრეველი ჰოლანდიურ ფიუჩერსზე მე-6 ნომრად იყო განთესილი და ზედიზედ 5 გამარჯვება იზეიმა. ქართველმა ჩოგბურთელმა საჩემპიონო გზაზე როი სარუტ დე ვალკი (ჰოლანდია) – 6:2, 6:4, მაქსიმილიან ნოიკრისტი (ავსტრია) – 3:6, 6:3, 6:4, მილაან ნიესტენი (ჰოლანდია) – 6:7 (4:7), 7:5, 6:1, ბოტიკ ვან დე ზანდშულპი (ჰოლანდია) – 6:2, 1:6, 7:5 და იელე სელსი (ჰოლანდია) – 6:2, 6:0 დაამარცხა.
წყვილთა ტურნირში მეტრეველი და ბელარუსი დმიტრი ჟირმონტი ნახევარფინალში გავიდნენ და ჰოლანდიურ დუეტთან (ნიესტენი-ვესტერჰოფი) 5:7-ს აგებდნენ, როდესაც თამაში შეწყვიტეს.
მომავალი კვირიდან ალექსანდრე პოლონეთის ქალაქ პოზნანში დაგეგმილ ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) ითამაშებს, სადაც ის პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული.
საწყის რაუნდში მეტრეველის მეტოქე არგენტინელი აგუსტინ ველოტი იქნება, ხოლო თუკი, ქართველმა მას აჯობა, მერვედფინალში მე-6 ნომრად განთესილ ესპანელ ხორდი სამპერ-მონტანას და ფრანგ ალექსანდრე სიდორენკოს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
უიმბლდონის გოგონათა ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალი წააგო 18 წლის მარიამ ბოლქვაძემ. ის და ამერიკელი კეტი მაკნეილი მე-4 ნომრად განთესილ ამერიკულ დუეტთან (არკონადა-ლიუ) 2:6, 3:6 დამარცხდნენ.