იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად მუშაობს. მირალემ პიანიჩისა და დანი ალვეშის შემდეგ ტურინელთა ბანაკს დიდი ალბათობით მიუნხენის “ბაიერნის” მაროკოელი მცველი მეჰდი ბენატია შეუერთდება. იტალიურ მედიას თუ დავუჯერებთ, მხარეებს შორის პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და დამდეგ კვირაში აფრიკელი ფეხბურთელი ტურინს ეწვევა.
29 წლის მოთამაშე “იუვესთან” ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც იტალიურ გრანდს სულ რაღაც 2 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო ერთი წლის მერე, სურვილის შემთხვევაში მისი გამოსყიდვა 16 მილიონად შეეძლება.
გარდა ამისა, თუ აპენინურ პრესას ვენდობით, ჯუზეპე მაროტა “ბაიერნიდან” კიდევ ერთი ფეხბურთელის გადაბირებას სერიოზულად გეგმავს. შაუბარია მარიო გიოტცეზე. გუშინ გამოცემა “ბილდში” გაჩნდა ინფორმაცია, რომ მარიო მიუნხენს მიმდინარე ზაფხულს დატოვებს. “ტუტოსპორტის” ცნობით, გიოტცეს ტრანსფერისთვის “იუვენტუსს” 15-20 მილიონი ევროც ეყოფა. ახლა მთავარ პრობლემად ფეხბურთელის პირადი გასამრჯელო რჩება. ისე კი, გიოტცეს “იუვეს” გარდა, “ტოტენჰემი”, “დორტმუნდი” და “ლივერპულიც” ეპატიჟება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონის საკუთარ რიგებში გადაბირება “იუვენტუსს” ერთი წლის წინათაც სურდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა.