როდესაც საქართველოს რომელიმე რეგიონში მცხოვრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს მოელის, მისი მოლოდინი არათუ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქომაგთა მოლოდინს, რადგან გაგანია ევროპაში დიდი ფეხბურთის ხილვა ქომაგებს საკუთარ, თუნდაც პატარა ქალაქების კოხტა სტადიონებზეც თავისუფლად შეუძლიათ, ხოლო ტყიბულელ ანდა დედოფლისწყაროელ ქომაგებს კი იგივეს ოცნებაზეც გაეღიმებათ.
მოლოდინი იცოცხლეთ დიდებული რამაა, მაგრამ რად გინდა? საქართველოს რეგიონებში ჩვენი თანამოქალაქეები მაუწყებლობას ძირითადად ე.წ. სატელიტური თეფშებით იღებენ და ბუნებრივია სწორედ ამ სატელიტური თეფშებიდან მიღებული საქართველოს საზოგადოებრივიუი მაუწყებლის პირველი არხის რეპორტაჟებისა ეიმედებოდათ, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ზედ თამაშის დაწყების წინ სატელიტზე პირველი არხი ითიშება.
ეს უბედურება ხდება საქართველოს აბსოლუტურად ყველა რეგიონში და ახლა ამ ტექსტს იმერელი, კახელი, ქართლელი და აჭარელი ქომაგების თხოვნითა და აჯით ვწერ. ეს მე რაც ჩემი თვალით ვნახე და მოვისმინე. ზუსტად იგივე ხდება სხვაგანაც და თუ ფეხბურთი გიყვარს და გაინტერესებს, ისიც უნდა იცოდე, რომ სპორტის ეს სახეობა ძირითადად ქომაგებზე დგას და უქომაგო ევროპის ჩემპიონატი უპატარძლო ქორწილზე ბევრად უარესია.
ევროპის პირველობის მატჩების ტელეტრანსლაციები ჩვენს საზოგადოებრივ მაუწყებელს იმ პირობით აქვს ნაყიდი, რომ იგი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაავრცელოს – სატელიტური თეფშებით კი ეს რეპორტაჟები მთელს მსოფლიოში გავრცელდება და ასე პირობების დარღვევა გამოვა, მაგრამ, განა ისეთი რთული და მოუგვარებელი ამბავია ჩვენი ხელისუფლებისათვის, რომ იაფად, ანდა სრულიად უსასყიდლოდ მისცენ ანტენები რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს? განა ასეთი მოუგვარებელი ამბავია?
არ ვიცი და რომც ვიცოდე როგორ დავწერ თუ რა სიტყვებს ხმარობს თერჯოლელი ან საგარეჯოელი ქომაგი მაშინ, როდესაც სატელიტზე საზოგადოებრივი მაუწყებლობა ეთიშება. მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ამ დროს ყველას საქართველოს უახლოესი ისტორიის ის ეპიზოდი ახსენდებათ, როდესაც ერთ პოლიტიკურ პარტიას ნამეტნავად სურდა ხელისუფლებაში მოსვლა და საამისოდ სხვა მრავალ პიარ-აქციასთან ერთად, მოსახლეობისათვის ანტენების დარიგებაც განახორციელა. ეს იყო მაშინ, როდესაც ყველა საარჩევნო ხმას ოქროს ფასი ედო და ჯერ კიდევ არასახელისუფლებო პარტიაც კი არ დაერიდა ანტენების შესაძენ ხარჯს.
ახლა, როდესაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ცქერა არა კომფორტისა და ფუფუნების, არამედ სწორედაც რომ ყბადაღებული ღირსების საკითხია, ბევრს წარსული წლებიც ავიწყდება და ხანდახან მგონია, რომ წინ გახედვაც ძალიან უჭირთ. ამ დროს კი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები სწორედ უახლოეს მომავალში მოხდება....