ავტოსპორტი

22:48 | 9.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის მეოთხე პოული სილვერსტოუნზე

ლუის ჰამილტონმა მორიგი პოულ პოზიცია მოიპოვა. ამჯერად ბრიტანულ სილვერსტოუნზე, სადაც მანამდე რბოლა მოწინავე პოზიციიდან სამჯერ ჰქონდა დაწყებული. ამჯერად საკმაოდ გაუჭირდა: საუკეთესო დრო კვალიფიკაციის მესამე ნაწილის პირველივე ცდაზე კი დააფიქსირა, მაგრამ სტიუარდებმა მაშინვე გაუუქმეს - მსოფლიო ჩემპიონმა მოსახვევ კოპსიდან გამოსვლისას, ოთხივე ბორბლით გადაკვეთა ტრასის მიჯნა, რასაც არავის პატიობენ.

მაგრამ კვალიფიკაციის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, ჰამილტონმა მაინც შეძლო საუკეთესო დროის დაფიქსირება, რითაც კარიერაში 56-ე პოულს დაეუფლა. „ეს არ იყო ჩემი საუკეთესო საკვალიფიკაციო სესია. იმ მოსახვევში კერბს შევეხე და ამან მანქანა უფრო შორს გარიყა. როცა მანქანამ ჩაჭიდება აღიდგინა, უკვე გარეთ ვიყავი. ყოველივეს გამო, ბოლო წრეზე ძალიან ძიერი ზეწოლა იყო. ვიჯექი გარაჟში და ვფიქრობდი, რომ ბიჭების დაღალატების უფლება არ მქონდა. მეორე წრე არც ისე კარგი იყო, მაგრამ ამჯერად ტრასის შიგნით დარჩენას ვცდლიობდი. მიხარია, რომ ეს შევძელი“, - ამბობს ჰამილტონი, რომლის საკვალიფიკაციო ტრიუმფსაც 140 000 მაყურებელი დაესწრო.

როსბერგი ამჯერადაც მეორე ადგილს დასჯერდა. ისინი რბოლას კვლავ გვერდიგვერდ დაიწყებენ და სანამ მათ შორის მორიგი შეჯახება მომხდარა, „მერსედესმა“ პილოტებს საგანგებო თათბირი ჩაუტარა. გაფრთხილება ძალიან სერიოზულია - ინციდენტის რეციდვის შემთხვევაში, გუნდმა პილოტებს შესაძლოა რამდენიმე რბოლით დისკვალიფიკაცია გამოუწეროს. კვალიფიკაციის შემდგომ პრეს კონფერენციას, ჰამილტონსაც და როსბერგსაც ეტყობოდათ, რომ ისინი ერთმანეთს არ გაეკარებიან, თუმცა რა იქნება სტარტზე, როცა მათ გონებაზე ისევ ადრენალინის დიდი დოზა იმოქმედებს, ამის თქმა ალბათ თავადაც არ შეუძლიათ.

მეორე რიგში „რედ ბულის“ ორი პილოტი განლაგდება. თან მათგან უფრო სწრაფი ამჯერად მაქს ფერსტაპენი იყო, რომელმაც კვალიფიკაციაში პირველად აჯობა დანიელ რიკიარდოს. მხოლოდ მათ უკან მოიპოვეს ადგილები „ფერარის“ პილოტებმა, რომელთაგან უფრო სწრაფი კიმი რაიკონენი იყო. სებასტიან ფეტელს კი ისევ არ გაუმართლა. გერმანელს ისევ გადაცემათა კოლოფმა უმტყუნა, რის გამოც, სტარტზე კვლავ ხუთი ადგილით უკან დადგება.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:29.287
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:29.606
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:30.313
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:30.618
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:30.881
  6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:31.490
  7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:31.557
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:31.920
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:31.989
  10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:32.343

- - - - - - - - - -

  1. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:31.875
  2. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:32.002
  3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:32.050
  4. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:32.241
  5. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:32.306
  6. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:37.060

- - - - - - - - - -

  1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:32.788
  2. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:32.905
  3. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:33.098
  4. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:33.151
  5. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:33.544
  6. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) დროის გარეშე
0.082377