ფეხბურთი

17:46 | 7.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ერთი მატჩის ისტორია – ორად გახლეჩილი ნეაპოლი

მექსიკის 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დიეგო არმანდო მარადონასი გახლდათ, ფეხბურთის უგვირგვინო მეფემ თავის სამშობლოს მეორედ მოუტანა პლანეტის უძლიერესი გუნდის ტიტული – ჩვეულებრივი ამბავია, რომ ოთხი წლის მერე, 1990 წლის მუნდიალზე დიეგოსაც და მის სამშობლოსაც იგივეს გამეორების ამბიცია ჰქონდათ. იმ დროს ხომ მარადონა მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ბატონი იყო, თუმცა არგენტინელთა გარდა, საჩემპიონო ამბიცია სხვებსაც არ აკლდათ...

გნებავთ, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ გერმანიას, ევროპის ჩემპიონ ჰოლანდიასა თუ მასპინძელ იტალიას. ეს, ის პერიოდია, როცა დიეგო არმანდო სწორედ აპენინზე, კერძოდ კი, “ნაპოლიში” ირჯებოდა და მანამდე არცთუ ამბიციური სამხრეთული გუნდი ორჯერ აიყვანა იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე. ბედის ირონიამ ისე ინება, რომ მარადონას არგენტინას ნახევარფინალური მატჩის გამართვა ნეაპოლში, “სტადიო სან პაოლოზე” მოუწია. იმ არენაზე, სადაც არგენტინელი მართლაც ღმერთად იყო შერაცხული და უთუოდ, “ალბისელესტე” ვისაც უნდა შეხვედროდა, იმ დღეს, 3 ივლისს თავს მშობლიურ გარემოში იგრძნობდა, თუმცა საქმეში ისევ ბედ-უკუღმართობა ჩაერია და არგენტინას მასპინძელ იტალიასთან მოუწია ფინალისკენ მიმავალი გზის გავლა.

იტალიის ნაკრები იქამდე დამაჯერებლად მივიდა – მოიგო ხუთივე შეხვედრა ისე, რომ კინკილა გოლიც არ გაუშვია. სწორედ მაშინ დაამყარა ვალტერ ძენგამ მუნდიალების მშრალი სერიის რეკორდი, რომელიც დღემდე ხელუხლებელია. ჰოდა, ძენგას კარის ხელუხლებლობაც იმ თამაშის 67-ე წუთზე შეწყდა, როდესაც იტალიელი კარიდან დაუფიქრებლად გამოფრინდა და კლაუდიო კანიჯას ვეღარ დაასწრო. ამ გოლით, არგენტინის ნაკრებმა წონასწორობა აღადგინა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც ვერაფერი გაირკვა, პენალტების სერიაში კი სტუმრებმა ცივსისხლიანად ურტყეს და მოიგეს კიდეც... არადა, მანამდე არგენტინა არადამაჯერებლად მივიდა; ჯერ ჯგუფში ოდენ სამი ქულა დააგროვა და მესამე ადგილით აღმოჩნდა პლეი-ოფში, მერე ბრაზილიას მიწურულში გატანილი გოლით მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში იუგოსლავიის ბარიერი მხოლოდ საფეხბურთო ლატარიით დაძლია – იტალიელთა დამაჯერებელ გზაზე კი უკვე მოგახსენეთ.

და მაინც, მიუხედავად დრამატული შეხვედრისა, მთავარი მოვლენები მაინც მის დაწყებამდე განვითარდა – ისე როგორ იქნებოდა, ოდიოზურ მარადონას რამე არ მოემოქმედებინა, თამაშიც ხომ მისი საყვარელი ტიფოზების თვალწინ ტარდებოდა და... დიეგომ ნეაპოლელ ხალხს არგენტინის ნაკრებისა და მისი ქომაგობისკენ მოუწოდა:

“წელიწადში 364 დღე თქვენივე სამშობლოში უცხოელებად ითვლებით, ხოლო დღეს იმის კეთება გიწევთ, რაც მათ სურთ. მე კი, წელიწადში 365 დღე ნეაპოლელი ვარ”.

მატჩისწინა მოთელვით ვარჯიშზე მოედანზე გასულმა მარადონამ დიდი ბანერი დაინახა, წარწერით: “დიეგო ნეაპოლს უყვარხარ, მაგრამ იტალია ჩვენი სამშობლოა” – აღნიშნულ ეპიზოდს მარადონა ასე იხსნებს:

“როდესაც 3 ივლისს მოედანზე ფეხი პირველად შევდგი, რაც მოვისმინე იყო ტაში. რაც დავინახე იყო ბანერები – “დიეგო ჩვენს გულებში ხარ, იტალია კი ჩვენ სიმღერებშია”, “მარადონა, ნეაპოლს უყვარხარ, მაგრამ იტალია ჩვენი სამშობლოა”... პირველად იმ ტურნირის ისტორიაში არგენტინის ჰიმნის დროს გაისმა აპლოდისმენტები, ეს ჩემთვის უკვე გამარჯვება იყო. ნეაპოლში ჩემი ხალხი ცხოვრობდა”.

პაოლო მალდინი, იმ დროს იტალიელთა იმედისმოცმემი 22 წლის განაპირა მცველი წლები რომ გაივლის, აღნიშნულ მატჩს გაიხსენებს და მარცხს სწორედ ნეაპოლს დააბრალებს. აი, რა თქვა მოგვიანებით პაოლომ: “1990 წელს ჩვენ შინ ვთამაშობდით და მხოლოდ ჩემპიონობაზე ვფიქრობდით, მესამე ადგილი არაფერს ნიშნავდა. ნახევარფინალი წავაგეთ არგენტინასთან ნეაპოლში. ნეაპოლი კი მაშინ მარადონას ქალაქი იყო. ჩვენ ყველა თამაში რომში რომ ჩაგვეტარებინა, თასს ვერავინ წაგვართმევდა”.

ვაღიაროთ და, მალდინის სიტყვებში სიმართლის მარცვალი მართლაცაა – ნახევარფინალამდე “სკუადრა აძურამ” ყველა თამაში რომის ოლიმპიურ სტადიონზე ჩაატარა და ყველა მოიგო. ნეაპოლი კი იმხანად მართლაც, გინდა არ გინდა, მარადონას ქალაქი იყო. ამას თუ დავუმატებთ იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ნეაპოლი ყველაზე ნაკლებად იტალიური ქალაქია, მაშინ მალდინიზე დათანხმება მოგვიწევს...

ეს იყო ერთი მატჩის ისტორია – მატჩისა, რომელიც მუნდიალების ისტორიიდან არ ამოიშლება. საჩემპიონოდ შემართული იტალია დიეგო მარადონამ და მისმა არგენტინამ თან სტუმრად და თანაც სახლში დაამარცხეს, იტალიამ გოლიც გაუშვა, მშრალი სერია შეწყვიტა, პენალტების სერიაში კი ტრადიციული რამ დაემართა – რობერტო დონადონიმ და ალდო სერენამ ვერ შეძლეს თავის ხელში აყვანა და მარადონა ფინალში გავიდა...

0.116059