ფეხბურთი

13:53 | 7.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„საბურთალომ“ ახალწვეულები წარადგინა

საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ", რომელმაც ახალი სეზონისთვის მზადება ორი კვირის წინ განაახლა, დღეს, "ბენდელას" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მასმედიის წარმომადგენლებს ახალწვეული ფეხბურთელები წარუდგინა.

კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ, სპორტულმა დირექტორმა მანოლო იერომ და მთავარმა მწვრთნელმა პაბლო ფრანკო მარტინიმ ის ფეხბურთელები გააცნეს საზოგადოებას, რომლებიც მომავალში კლუბის ღირსებას დაიცავენ - თედორე გრიგალაშვილს, გიორგი ბუხაიძესა და ხუან მანუელ კარასკო კორეას მუდმივნომრიანი მაისურები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ქართულ კლუბში ერთი წლით ითამაშებს, 3-ნომრიანი მაისურით გაირჯება. ბუხაიძე, რომელმაც სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, 40-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ხოლო გრიგალაშვილს, ვინც თბილისურ კლუბში დეკემბრამდე ჩაირიცხა, 6-ნომრიანი მაისური ერგო.
კახა კაშია ("საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი):
"საბურთალომ" ახალი სეზონისთვის მზადება ივლისის ბოლოს დაიწყო, რამდენიმე დღეში კი გუნდი ბულგარეთში შეკრებაზე გაემგზავრება. წინ, ძალიან საინტერესო და რთული ჩემპიონატი გველის. გვინდა, რომ წარმატებით ვიასპარეზოდ. დავიმატეთ რამდენიმე ფეხბურთელი, თუმცა, ამით არ დამთავრებულა ტრანსფერებზე ფიქრი - არ არის გამორიცხული, შეკრებაზე კიდევ შემოგვიერთდნენ ახალწვეულები.რაც შეეხება თუ სად ვუმასპინძლებთ გუნდებს ჩემპიონატში - ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ საშინაო შეხვედრებს "მიხეილ მესხის" მთავარ არენაზე გავმართავთ".
მანოლო იერო ("საბურთალოს" სპორტული დირექტორი):
"მომავალი ჩემპიონატისთვის სერიოზულად ვემზადებით, ძალიან დაძაბული პირველობა იქნება, რადგან როგორც ქვედა, ასევე ზედა პოზიციებზე უშეღავათო ბრძოლებია მოსალოდნელი. ჩვენი კლუბი ძალიან ახალგაზრდულია, აქედან გამომდინარე რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატება გადავწყვიტეთ. ვფიქრობთ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ გრიგალაშვილის, ბუხაიძისა და კარასკოს შეძენით".
თედორე გრიგალაშვილი („საბურთალოს“ ახალწვეული):
"უკვე რამდენიმე დღეა ახალ კლუბში ვირიცხები, კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ვეცდები, ჩემი ცოდნა და გამოცდილება "საბურთალოს" მოვახმარო და მოკრძალებული წვლილი შევიტანი გუნდის წარმატებაში. ძალიან საინტერესო, შეკრული და მეგობრული კლუბია".
გიორგი ბუხაიძე („საბურთალოს“ ახალწვეული):
"ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი, ჩემი მომავალი "საბურთალოს" რომ დავუკავშირე. ადვილად შევეწყვე გუნდს, როგორც ფეხბურთელებს, ასევე სამწვრთნელო შტაბს. კარგი გარემოა, ჩანს, რომ "საბურთალოში" პროფესიონალები მუშაობენ".
ხოსე მანუელ კარასკო კორეა („საბურთალოს“ ახალწვეული):
"საქართველოში პირველად ვიმყოფები, შთაბეჭდილებები დადებითია. ნელ-ნელა ვეჩვევი ქართულ გარემოს, ახალ კლუბს. ბიჭები გვერდში მიდგანან, რაც ძალიან სასიამოვნოა. "საბურთალო" ახალგაზრდული გუნდია, თუმცა საკმაოდ წარმატებული. მართალია, ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ სადებიუტო შეხვედრის ჩატარებაც მოვასწარი. სასიამოვნოა, რომ ყველაფერი კარგად დაიწყო. მჯერა, ასევე გაგრძელდება".

www.fcsaburtalo.ge

თეგებისაბურთალო
0.124574