საქართველოს უმაღლესი ლიგის მეორეადგილოსანი "სამტრედია" უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს "გაბალასთან" ზესტაფონში გამართავს. როგორც იმერული კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი იუწყება, შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის სალაროებში დღეს დაიწყო, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე კი თამაშის დღეს, 7 ივლისს გაიყიდება. ბილეთების ფასი 3 და 5 ლარია.
ქართულ და აზერბაიჯანულ გუნდებს შორის დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება. მატჩს ბერძენი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გეორგიოს კიზასი იქნება, ასისტენტები კი ჩასან კოულა და ლოანის სიპკასი.
პირველი შეხვედრა “სამტრედიამ” სტუმრად 1:5 წააგო.