ფეხბურთი

11:53 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრები უმწვრთნელოდაა

არგენტინის ეროვნული ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა. როგორც არგენტინის ფეხბურთის ფედერაციიის ვებგვერდი გვატყობინებს, ხერარდო მარტინომ გადადგომის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მასთან ერთად, სამუშაო მისმა სამწვრთნელო შტაბმაც დატოვა. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ ჩაანაცვლებს მარტინოს, არადა არგენტინული ფეხბურთის შეფებს საქმე საჩქაროდ ნამდვილად აქვთ, რადგან რიოს ოლიმპიადა კარსაა მომდგარი.

მარტინოს აღნიშნული გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე ცოტა მოულოდნელი იყო, მაგრამ მას შემდგომ რაც მისი გუნდი კოპა ამერიკის ფინალში დამარცხდა, მაინც ლოგიკური ნაბიჯი გახლდათ.

მარტინომ არგენტინა 2014 წელს ჩაიბარა და განვლილი ორი წლის განმავლობაში ნაკრები კოპა ამერიკის ფინალში ორჯერ გაიყვანა, თუმცა რად გინდა – არგენტინამ ორჯერვე წააგო და ორივე შემთხვევაში ჩილეს ნაკრებთან.

საბოლოო ჯამში, ტატა მარტინოს ხელში არგენტინის ნაკრებმა 29 თამაში ჩაატარა, რომელთაგანაც 19 მოიგო, 7 ფრედ ითამაშა, ხოლო 3-ჯერ დამარცხდა. გაიტანა 66 გოლი და გაუშვა – 18.

0.117202