დიდი შანსია, “შევარდენი 1906” ქართულ ფეხბურთს აქტიურად დაუბრუნდეს. კლუბი მეორე ლიგაში მონაწილეობას გეგმავს. კლუბის მმართველი იქნება ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი გეგი კიკაბიძე, ხოლო მთავარი მწვრთნელი – გიორგი ხუბეჯაშვილი. სხვათა შორის, ხუბეჯაშვილის ხელში არაერთ ჭაბუკს გაუვლია, რომლებიც ამჟამად საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ.
“ეტაპობრივად და გეგმაზომიერად ვეცდებით კლუბის ფეხზე წამოყენებას, წელში გამართვას, მიზნების დასახვას, სტრუქტურის გამართვას და საფეხბურთო ფილოსოფიის შემუშავებას. რაც მთავარია, ვდებ პირობას, რომ დავიცავთ ყველა იმ წესს, რაც თანამედროვე ფეხბურთის სწორ მიმართულებას ემსახურება. ვიწყებთ სუფთა ხელებით და ცარიელი ფურცლიდან” – ამბობს გეგი კიკაბიძე.
“შევარდენი 1906” სპონსორებთან მოლაპარკებებს აწარმოებს, ხოლო ხუბეჯაშვილი ფეხბურთელთა შერჩევის პროცესს იწყებს. სასელექციო პროცესში მონაწილეობის მსურველებს, შეუძლიათ გააგზავნონ წერილი: kikabidze_gegi@yahoo.com, ან დარეკონ 571 42 42 12, 5 93 23 51 58, 5 99 03 82 74.
“შევარდენს” ტრადიციები არ დაეწუნება, 1986 წლამდე საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა, 1987 წელს კი საბჭოეთის მეორე ლიგაშიც გამოვიდა. სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონატის 1992/1993 წლების სეზონი კლუბმა მეორე ადგილზე დაასრულა, მაგრამ უეფა-მ იმ წელს მხოლოდ ჩემპიონი დაუშვა ევროთასებზე (თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე). ეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად.
“შევარდენი 1906” ბოლოს 1995/1996 წლებში თამაშობდა საქართველოს ჩემპიონატში, მას შემდეგ კი კლუბი ქაღალდზე არსებობდა, მაგრამ ჩემპიონატში მონაწილეობა აღარ მიუღია.
90-იანი წლების დასაწყისში “შევარდენი 1906”-ში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობდა, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც.