როგორც შევიტყვეთ, "საბურთალოში" ორი ესპანელი ფეხბურთელი ითამაშებს. ერთი მათგანი, ხოსე მანუელ კარასკო, უკვე ჩამოსულია თბილისში. მეორე მოგვიანებით შეუერთდება გუნდს, მისი სახელ-გვარი ჯერ უცნობია.
ხოსე მანუელ კარასკო 28 წლის ცენტრალური მცველია, თამაშობდა ესპანეთის ნაკლებად ცნობილ კლუბებში: "ბენიდორმში", "ესიაში" და ბოლოს "ფუენლაბრადაში", სადაც ბოლო სეზონის 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მანამდე ერთი წელი იყო "რეალ მურსიაში", სეგუნდა ბ-ის გუნდში. მისი ბოლო კლუბიც ("ფუენლაბრადა") სეგუნდა ბ-ში გამოდის.
კარასკო "საბურთალოში" ადრეც იყო, თუმცა ის კლუბის აკადემიის დირექტორი გახლდათ - ანდრეს კარასკოზე გვაქვს საუბარი. ამჯერად კი ფეხბურთელი კარასკო ჰყავთ საბურთალოელებს.
აქვე, უცხოურ შეკრებაზე: "საბურთალო", რომელიც ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს, დასკვნით შეკრებას ბულგარეთში გაივლის. პაბლო ფრანკოს გაწვრთნილები ქალაქ ბანსკოში 10-24 ივლისამდე მოემზადებიან.
საბურთალოელები 4 ამხანაგურ მატჩს გამართავენ. გადაწყვეტილია, რომ 13 ივლისს "საბურთალო" ბულგარეთის პირველი ლიგის "ბანსკოს" გაეჯიბრება, 16-ში მაკედონიის "პელისტერთან" მოსინჯავს ძალებს, 20 ივლისს კვიპროსის "ეთნიკოსს" დაუპირისპირდება, ხოლო ბულგარულ შეკრებას 23-ში საბერძნეთის უმაღლესი ლიგის "პლატანიასთან" მატჩით დაასრულებს.