ავტოსპორტი

23:39 | 3.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო წრის დრამაში ჰამილტონმა იმარჯვა

კვალიფიკაციისგან განსხვავებით, ავსტრიის დიდი პრიზის რბოლისას, წვიმა არ წამოსულა, მაგრამ სტარტიდან ფინიშამდე დაძაბულობა მაინც არ მოჰკლებია. ბოლო წრე კი ნამდვილი თრილერი გამოდგა. ასეთი ბოლო წრის მოლოდინი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა მეორე პიტ სტოპის შემდეგ, ლუის ჰამილტონს რადიოთი უთხრეს - ნიკოს (როსბერგს) სუპერ სოფტ რეზინი დიდხანს არ ეყოფა და ბოლოს უპირატესობა გექნებაო. მთავარი იყო, ჩემპიონს სეზონის ლიდერი შეტევის მანძილზე ჰყოლოდა...

როსბერგმა სტარტი მე-7 პოზიციიდან აიღო, მაგრამ მალევე გაიუმჯობესა მდგომარეობა. ჰამილტონმა პოულიდან დაიწყო და პირველი პოზიცია ადვილად შეინარჩუნა. ნიკო ჰულკენბერგს სტარტზე „ჩაეძინა“ და მეორე ადგილზე ჯენსონ ბატონმა გადაინაცვლა, რომელიც 7 წრე მედგრად იდგა, თუმცა მერე კიმი რაიკონენმა გაასწრო. და როცა მას როსბერგმა და მაქს ფერსტაპენმაც გაუარეს, „მაკლარენის“ პილოტმა ბოქსებისკენ შეუხვია. ერთი წრის შემდეგ იქ როსბერგიც შევიდა.

აქედან დაიწყო როსბერგის და ჰამილტონის პოზიციური ბრძოლა: მე-11 წრეზე, როცა გერმანელი ბოქსში შევიდა, პელოტონი ჯერ ისევ მჭიდრო იყო და ამის გამო, ტრასზე დაბრუნებულმა „მერსედესის“ პილოტმა მე-15 პოზიციაზე ამოჰყო თავი. მართალი, ის ადვილად ახერხებდა წინ წაწევას, მაგრამ ამაზე დრო მაინც იკარგებოდა. ამ დროს კი ჰამილტონი ცარიელ სივრცეს უტევდა. თუმცა მალე მისი საბურავებიც გაცვდა და ეს ჩემპიონის ტემპსაც დაეტყო. ასე მან 22-ე წრემდე გაიარა და ბოლოს თავადაც შევიდა პიტ სტოპზე, სადაც რამდენიმე ზედმეტი წამი დაკარგა. იქიდან დაბრუნებული კი როსბერგის უკან აღმოჩნდა.

ლიდერობა ჯერ რაიკონენმა გადაიბარა, რომელიც მალევე შევიდა ბოქსში და მოწინავე პოზიცია სებასტიან ფეტელს გადაულოცა. „ფერარის“ პილოტსაც მალე უწევდა საბურავების შეცვლა, მაგრამ სანამ ამას გააკეთებდა, 27-ე წრის პირველ მოსახვევამდე, უკანა მარჯვენა საბურავმა უმტყუნა. ფეტელმა მართვა დაკარგა და კედლთან კონტაქტს ვერ აარიდა თავისი ბოლიდი. სტარტ-ფინიშის სწორის რამდენიმე ათეული მეტრი, მისი გამსკდარი საბურავის და ნაწილებით და აეროდინამიკური ელემენტების ნამსხვრევებით გაივსო და ამიტომ, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.

რესტარტის შემდეგ, დაახლოებით 20 წრის განმავლობაში, რბოლა შედარებით მშვიდი იყო. მერე კი, 55-ე წრეზე, ჰამილტონი ბოქსში მეორე პიტ სტოპზე შევიდა, რა დროსაც სოფტები დაუყენეს. ერთი წრის შემდეგ, ბოქსში როსბერგიც შევიდა და ტრასაზე უფრო „სწრაფი“ სუპერ სოფტებით დაბრუნდა. ამან ჰამილტონი უკმაყოფილო დატოვა, თუმცა რადიოთი დააწყნარეს, რბოლის ბოლოს უპირატესობა გექნებაო...

ასეც მოხდა. ჰამილტონმა ბოლო ათი წრის განმავლობაში, უფრო „ნელი“ რეზინით მოახერხა როსბერგთან ერთწამიან დისტანცაზე დარჩენა. ფინიშამდე სამი წრით ადრე, როცა ლიდერები წრეზე ჩამორჩენილებს წამოეწივნენ, ჰამილტონმა მე-3 მოსახვევში სცადა როსბერგის გასწრება, მაგრამ ამან ადვილად დაიცვა პოზიცია. ბოლო წრის მესამე მოსახვევში ჰამილტონმა მანევრი გაიმეორა. ამჯერად გარედან სცადა გასწრება, რისი საშუალებაც იმ გარემოებამ მისცა, რომ როსბერგმა მუხრუჭების გამო, მეორე მოსახვევი ცუდად გაიარა. აპექსისთვის ჰამილტონი თანაგუნდელს გვერდში ამოუდგა, მაგრამ როსბერგი მოსახვევში „ვერ ჩაეტია“ და ამით, შემტევი ტრასის მიღმა გარიყა. ჰამილტონს ტემპი არ დაუგდია და მოსახვევიდან გამოსასვლელშივე სცადა გზაზე დაბრუნება. ნიკომ ისევ არ დაუთმო და მოხდა შეჯახება, რომელმაც გერმანელის მანქანა უფრო დააზიანა. ჰამილტონმა ტემპის დაუგდებლად გააგრძელა გზა და ფინიშთანაც პირველი მივიდა, როსბერგს კი ფერსტაპენმა და რაიკონენმა გაასწრეს.

რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა ინციდენტი განიხილეს და მომხდარში როსბერგი დაადანაშაულეს, რომლის დროსაც 10 წამი დაემატა. თუმცა ამას საბოლოო შედეგები არ შეუცვლია და ჩემპიონატის ლიდერმა მეოთხე ადგილი შეინარჩუნა.

ბოლო წრეზე მომხდარმა რამდენიმე პილოტის კარგი გამოსვლა დაჩრდილა: ჯენსონ ბატონმა მე-6 ადგილი დაიკავა და გაგვახსენა, რომ „მაკლარენ-ჰონდა“ უკვე ახლოსაა ლიდერებთან. შესანიშნავი იყო რომენ გროჟანი, რომელმაც რბოლის თითქმის ნახევარი მე-7 პოზიციაზე გაატარა და ფინიშზეც მეშვიდე მივიდა. და აუცილებლად უნდა აღინიშნოს „მენორის“ მისი გერმნელი პილოტის, პასკალ ვერლაინის პირველი ქულა. DTM-ის ჩემპიონს ამაში რბოლიდან რამდენიმე პილოტის გამოთიშვამ შეუწყო ხელი, მაგრამ თავადაც არაერთი მოიტოვა უკან! ბევრს ალბათ არ ახსოვს, რომ „მინარდიში“ ყოფნისას, სწორედ ასეთი შედეგებით მიიქცია ყურადღება ფერნანდო ალონსომ, ვინც შემდეგ ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი!

ავსტრიის დიდი პრიზი

შპილბერგი, დისტანცია 307.020 კმ (4.326 კმ, 71 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:27:38.107
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) +00:05.719
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:06.024
  4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:16.710
  5. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:30.981
  6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:37.706
  7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 00:44.668
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:47.400
  9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1 წრე
  10. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1 წრე
  11. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე
  12. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
  13. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  14. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1 წრე
  15. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  16. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1 წრე
  17. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 2 წრე

18გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 7 წრე

19გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 7 წრე

20გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 8 წრე

გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 45 წრე

გ. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 69 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:08.411, 68-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი - 153 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 142; 3. სებასტიან ფეტელი - 96; 4. კიმი რაიკონენი - 96; 5. დანიელ რიკიარდო - 88; 6. მაქს ფერსტაპენი - 72; 7. ვალტერი ბოტასი - 54; 8. სერხიო პერესი - 39; 9. ფელიპე მასა - 38; 10. რომენ გროჟანი - 28; 11. დანილ კვიატი - 22; 12. კარლოს საინსი - 22; 13. ნიკო ჰულკენბერგი - 20; 14. ფერნანდო ალონსო - 18; 15. ჯენსონ ბატონი - 13; 16. კევინ მაგნუსენი - 6; 17. პასკალ ვერლაინი - 1; 18. სტოფელ ვანდოორნი - 1

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 295 ქულა; 2. ფერარი - 192; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 168; 4. უილიამს-მერსედესი - 92; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 59; 6. ტორო როსო-ფერარი - 36; 7. მაკლარენ-ჰონდა - 32; 8. ჰაას-ფერარი - 28; 9. რენო - 6; 10. მენორ-მერსედესი - 1; 11. ზაუბერ-ფერარი - 0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094641