სხვა

17:30 | 2.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგონათა ნაკრები გეტებორგში მიემგზავრება

3 ივლისს, დილით, შვედეთში მიემგზავრება ხელბურთელ გოგონათა ნაკრები, რომელსაც 4-8 ივლისს, გეტებორგში, ძალიან სერიოზული ტურნირი, ევროპის ღია პირველობა ელის თვრამეტწლამდელებში.

ევროპის ოფიციალური ჩემპიონატი კენტ წლებში იმართება 17 და 19-წლამდელთ შორის, ლუწ წლებში კი მას ანაცვლებს ევროპის ღია პირველობა, რომელიც უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის ნაწილია. პარტილეს თასი სხვადასხვა ასაკის გუნდებს შორის იმართება და მასში ათასობით მოზარდი მონაწილეობს, მისი მთავარი შეჯიბრება კი არის ხოლმე თვრამეტწლამდელ გოგონათა (ლუწ წლებში) ან ცხრამეტწლამდელ ჭაბუკთა (კენტ წლებში) ტურნირები. ორივე შეჯიბრება EHF ოფიციალური ტურნირების სიაშია.

წლეულს თამაშობს 18 გუნდი, მათ შორის ჩვიდმეტწლამდელთა შარშანდელი ევროპის ჩემპიონატისა და ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის ყველა ნახევარფინალისტი (დანია, რუსეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ნორვეგია, ჩეხეთი), ასევე - საფრანგეთი, ჰოლანდია, მონტენეგრო, ესპანეთი, შვედეთი - ანუ ქალთა ხელბურთის მთელი ელიტა.

საქართველოს ნაკრებმა წლეულს უკვე ოთამაშა ორ ტურნირზე - თბილისში მეორე ადგილი დაიკავა IHF ქალთა ტროფიზე და შემდეგ ძალები მოსინჯა მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაზე მონტენეგროში, ორი წლით უფროს მეტოქეებთან. ამის შემდეგ ნაკრები თითქმის მუდმივად ერთად იყო და გიორგი გვაზავას, ოლექსანდ გურსკისა და ინა ჭკუასელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა.

სამწუხაროდ, ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება ვერ მოხერხდა. ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგნენ კუნელაშვილი და ვენეცკი, მაგრამ, თათია გადელიამ მენისკის ოპერაცია გაიკეთა, ქრისტინე ღვალაძეს კი ეროვნული გამოცდები აქვს. ეს ორი დანაკლისი წინასწარ ცნობილი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო IHF ქალთა ტროფის საუკეთესო მოთამაშემ, თამარ ჩოგოვაძემ. დაგვემატა კიეველი სვიტლანა პეტრენკო, რომელმაც ახლახან მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

გვესაუბრება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა:

- ზედ შეჯიბრების წინ ლიდერის გამოკლება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ რას ვიზამთ, ეს სპორტის ნაწილია და ახლა უნდა გადავეწყოთ. ჩოგოვაძის ადგილზე, მარჯვენა ინსაიდად თინათინ ქიტესაშვილი იქნება და შესაძლოა, ამ პოზიციაზე გამთამაშებელ ანა ყველაშვილსაც მოუწიოს დადგომა. მარცხენა კუთხეში ითამაშებს ჩვენი ახალწვეული სვიტლანა პეტრენკო, რომელიც იოლად შეეწყო გოგონებს და ადაპტაციის არავითარი პრობლემა არ ჰქონია. ის კარგი მებრძოლია და ძალიან კარგადაც გარბის გარღვევაში.

ჩვენ, ჯერჯერობით, გრძელი სკამი არ გვაქვს, სამი ხელბურთელი საერთოდ 14-15 წლისაა და ძირითადი ტვირთი ლიდერთა მხრებზე იქნება, მაგრამ ვინც გეტებორგში გვეყოლება, თამაში ყველას მოუწევს და, გარანტიას გაძლევთ, რომ ყველა ბოლომდე იბრძოლებს, როგორც ჩვენ გუნდს სჩვევია. სიტუაციას ართულებს ის, რომ, 4-5 ივლისს 2-2 თამაში გვაქვს. ჯგუფში ჩვენი მთავარი მეტოქეები ფინეთი და ავსტრია იქნებიან, ამიტომაც, აქცენტს ამ ორ მატჩზე გავაკეთებთ. საფრანგეთთან აქამდე არ გვითამაშია, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ხისტი გუნდია. გეტებორგში განსაკუთრებით საინტერესო იქნება შეხვედრა იმ გუნდებთან, რომლებთანაც ადრეც გვითამაშია - ჰოლანდიასთან, ნორვეგიასთან, პოლონეთთან, რუმინეთთან და მონტენეგროსთან. ასევე ფარერის კუნძულებთან, ვისთანაც თბილისში ტროფის ფინალი წავაგეთ. მაშინ მათ 1997 წელს დაბადებული რამდენიმე მოთამაშე ჰყავდათ, ახლა კი თანატოლებთან გვიწევს თამაში.

მეორე ეტაპზე ბრძოლას ყველა გუნდი აგრძელებს. ჯგუფის 2-2 გამარჯვებული ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მესამეადგილოსნები 9-12 ადგილებისთვის, 4-5 ადგილებზე გასული გუნდები - 13-18 ადგილებისთვის. ჩვენ კონკრეტული ამოცანა არ გვაქვს - უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და მოვიგოთ, რისი მოგებაც შესაძლებელი იქნება.

აი გაისად, როდესაც გვიწევს ცხრამეტწლამდელთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია, ჩვენ უკვე გვეყოლება სრულად დაკომპლექტებული ნაკრები, თანაც საკმაოდ დიდი გამოცდილებით და ვიბრძოლებთ ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, ერთ-ორ წელიწადში კი უნდა დავიწყოთ ეროვნული ნაკრებების დონეზე თამაშიც.

ხელბურთი. European Open, გოგონები 18

4-8 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი

D ჯგუფი: საფრანგეთი, ჰოლანდია, ავსტრია, ფინეთი, საქართველო

04.07 18:30 საქართველო-საფრანგეთი

04.07 23:00 ავსტრია-საქართველო

05.07 14:00 საქართველო-ფინეთი

05.07 17:30 საქართველო-ჰოლანდია

A ჯგუფი: დანია, შვედეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი

B ჯგუფი: რუსეთი, ესპანეთი, ჩეხეთი, ფარერები

C ჯგუფი: რუმინეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, შვეიცარია, ისლანდია

6-8 ივლისი. ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი ითამაშებს 1-8 ადგილებისთვის, 3 ადგილებზე გასულები - 9-12 ადგილებისთვის, 4-5 ადგილებზე გასულები - 13-18 ადგილებისთვის

საქართველოს ნაკრები გეტებორგში

12. ანა ვარდიშვილი (GK, მამული, 1999)

16. ქრისტინე ჯავახია (GK, ფოთი, 1998)

22. მარიამ ჩაჩუა (GK , პეგასი, 1999)

3. სვიტლანა პეტრენკო (LW, მამული, 1998)

7. თინა ქიტესაშვილი (RB, ყვარელი, 1999)

17. მედეა ჩოხელი (P, პეგასი, 1999)

18. ქეთევან ვენეცკი (RB, პეგასი, 1999)

19. ანა ყველაშვილი (CB, მამული, 1998)

20. ელისაბედ ჩხაიძე (LB, პეგასი, 2002)

23. ნინო გაგნიძე (RW, პეგასი, 2002)

24. ჯულია ჩირგაძე (LB, წყალტუბო, 2001)

29. ქეთი კუნელაშვილი (LB, ყვარელი, 1999)

31. მაია ბერიძე (CB, პეგასი, 1999)

29. მარიკა ჯავახაძე (P, წყალტუბო, 1999)

მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა (1978)

მწვრთნელი ინა ჭკუასელი (1985)

გუნდის ლიდერი ლანა მარგიანი (1988)

0.117132