ქართველი და უნგრელი ჩოგბურთელები სოფო შაფათავა და რეკა-ლუკა იანი იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) მოსაგებად იბრძოლებენ.
მე-2 განთესვის მქონე შაფათავამ და იანიმ ნახევარფინალში მე-4 რეიტინგით მოთამაშე ფრანგულ-ჰოლანდიურ წყვილს (ალიზ ლიმი-არანჩა რუსი) 6:3, 6:4 სძლიეს, ფინალში კი თურქ იპეკ სოილუს და ჩინელ შილინ ქსუს ეთამაშებიან.
თურქს და ჩინელს პირველი განთესვა აქვთ და გადამწყვეტ შეხვედრას უფრო დასვენებულნიც ხვდებიან, რადგანაც ფინალის საგზური უბრძოლველად მოიპოვეს. მათ წინააღმდეგ სათამაშოდ რუმინელი ალექსანდრა კადანტუს და პოლონელი კატარჟინა პიტერის მე-3 ნომრად მიჩნეული დუეტი არ გამოცხადდა.
პოლონეთის ქალაქ ტორუნის 25-ათასიან ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა სოფო ქვაცაბაია. ქართველმა ჩოგბურთელმა მე-5 რეიტინგის მქონე სლოვენიელ ტადეა მაერიჩთან 3:6, 4:6 წააგო.