იმ შემთხვევაში, თუ „ფერარი“ კიმი რაიკონენთან კონტრაქტს არ გააგრძელებს, არაა გამორიცხული, რომ სებასტიან ფეტელს თანაგუნდელად ისევ დანიელ რიკიარდო მოევლინოს. ავსტრალიელი ის პილოტია, ვინც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, „რედ ბულში“ გატარებულ ბოლო სეზონში აჯობა. მართალია, რიკიარდოს ხარებთან კიდევ ერთ სეზონზე აქვს კონტრაქტი, მაგრამ ამის მიუხედავად, მარანელოელები საჭიროების შემთხვევაში, მის გადაბირებას არ მოერიდებიან.
„შარშანაც ასე იყო. მე მათს სიაში ვიყავი იმ შემთხვევისთვის, თუ გუნდში ცვლილება მოხდებოდა. ამ სიაში ერთადერთი ალბათ არ ვარ. ვარ მათი საუკეთესო ვარიანტი? არ ვიცი. მათ ჩემთვის არაფერი უცნობებიათ“, - ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას ამბობს რიკიარდო.
ავსტრალიელ მრბოლს ამჟამად ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატში მე-5 ადგილი უკავია. ის მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება რაიკონენს და 18 ქულით - ფეტელს. თუ გავითვალისწინებთ, რომ „რედ ბული“ ბოლო რამდენიმე რბოლაში კონკურენტუნარიანი იყო, ეს ჩამორჩენა, როცა სეზონს ეკვატორისთვის ჯერ არ მიუღწევია, პრაქტიკულად არაფერია. ამიტომ რიკიარდო აღიარებს, რომ სულაც არ უკვირს მისით „ფერარის“ დაინტერესება.
ფეტელი ამბობს, რომ მისთვის სულერთია, ვინ იქნება მისი თანაგუნდელი. რიკიარდოსთან კვლავ თანაგუნდელობის საწინააღმდეგოც არაფერი აქვს. „მე მისი წინააღმდეგი არ ვარ. მე ის მომწონს, ის ძლიერია“, - ამბობს ფეტელი. თუმცა ავსტრალიელს არ სურს კვლავ ფეტელის თანაგუნდელობა და ამბობს: „ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც გადასვლას გადავწყვეტ იმისთვის, რომ ისევ მისი თანაგუნდელი ვიყო, მხოლოდ ის იქნება, თუ მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალება მომეცემა. მირჩევნია, ლუისის ან ფერნანდოს, ან ვინმე სხვის თანაგუნდელი ვიყო“.
ის ასევე იხსენებს, რომ ფეტელის თანაგუნდელის რანგში თავიდან საკმაოდ ფრთხილი იყო, რადგან კარგად ახსოვდა, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს მარკ ვებერთან. ამასთან აღიარებს იმასაც, რომ გერმანელს კარგად შეეწყო. და ის სეზონი მას უკეთ წაუვიდა, ვიდრე ფეტელს. ის 2014 წლის სეზონს გულისხმობს, რომელშიც თავად სამი რბოლა მოიგო, ფეტელმა კი - ვერცერთი. ავსტრალიელმ ის სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და თანაგუნდელს 71 ქულით აჯობა.
„ის არ წუწუნებდა და თუ მე ვიგებდი, ხელის ჩამორთმევით მომილოცავდა და მეტყოდა - კარგი რბოლა იყო. ასე რომ, ის კარგი თანაგუნდელი იყო. ის სწრაფია და დარწმუნებული ვარ, თუ ისევ თანაგუნდელები გავხდებით, უბრძოლველად არაფერს დათმობს და ჩვენ კარგი მეტოქეობა გვექნება“, - ამბობს რიკიარდო.







