ფეხბურთი

23:10 | 30.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" ევროპა ბაქოში დაასრულა

“გაბალას” მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა “სამტრედიასთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გაიხურმა, 6:0 უნდა მოვიგოთო - ასეთი სხვაობით ვერ, მაგრამ 5:1 კი იმარჯვა “გაბალამ” საქართველოს ვიცე-ჩემპიონთან და ახლა გრიგორჩუკის ნათქვამს გინდ ხუმრობა დავარქვათ, გინდაც – არა.

“სამტრედიამ” შეკრება სლოვენიაში გაიარა და ორი ამხანაგური მატჩი ჩინებულად ჩაატარა, არასაფეხბურთო ანგარიშებით მოიგო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ერთია სპარინგ თამაში და მეორე ოფიციალური. “გაბალა” კი ქართული გუნდებისთვის გადაულახავი ბარიერი. ის, რაც “ბაკჩელ არენაზე” ხდებოდა, ძალიან მცირე იმედსაც კი არ გვიტოვებს, რომ საპასუხო თამაშის წინ წარმატებაზე ვიფიქროთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან გვინდა... “სამტრედიამ” დიდი ანგარიშით რომ წააგო და 21 წლიანი პაუზის მერე ევროსარბიელს საშინლად დაუბრუნდა, პირველ რიგში დაცვის ხაზის უსუსტესი თამაშის დამსახურებაა. ისე, როგორც სამტრედიელი მცველები მოქმედებდნენ, უკვე ეზოებშიც აღარ ირჯებიან. ცალკე თემაა, რომ ვერაფერი მოვუხერხეთ აზერბაიჯანელთა ლიბერიელ ლეგიონერ თეო ვიკსს, რომელიც მოედანზე იმას აკეთებდა, რაც მოესურვებოდა. ამიტომაცაა, რომ მის ანაგრიშზე სამი გოლია. გარდა ამისა, ტექნიკური თამაშით თავი არაერთხელ გამოიჩინა და მატჩის მიწურულს სამ მეტოქეს ბურთი კენწვლით გადაუგდო თავზე, ერთი ეგ იყო, თანაგუნდელმა ვერ აუბა მხარი და ვერ გაიტანა.

პირველ ტაიმში ომარ მიგინეიშვილს სამჯერ დაურტყეს და სამივე გოლით დასრულდა. თუმცა, ქართველი მეკარის დადანაშაულება რომელიმე გოლში უადგილო იქნება, დაცვის ბავშვურ შეცდომებზე უკვე ვთქვით. რაღაც გამონათებები გია ცეცაძის გუნდსაც ჰქონდა. ბუდუ ზივზივაძეს ორჯერ ჩინებული შანსი მიეცა, მაგრამ ჯერ ააცილა, მერე მეკარეს ვერ აჯობა. მეორე ნახევარი კი იმედიანად დავიწყეთ – ბურთს “სამტრედია” ფლობდა, ერთი-ორჯერ კარგი შეტევაც გამოვიდა, რისი ლოგიკური დასასრული ლაშა შერგელაშვილის შორეული, ლამაზი საჯარიმო იყო – 3:1. თითქოს თამაშის შემობრუნების იმედი გაჩნდა, ასეთ ანგარიშზეც კი, საპასუხო მატჩს აზრი უბრუნდებოდა, მაგრამ დაცვამ იმერლები კიდევ დაღუპა. ნიკა სანდოხაძემ ბურთი ნორმალურად ვერ გააჩერა და მერე ვიკსმა ლამის მთელი “სამტრედია” მოატყუა. აქ დამთავრდა თამაში – “გაბალა” ბატონობდა, “სამტრედიას” კი განწყობაც აღარ ეტყობოდა. შესაბამისად, ლიბერიელმა მოუსვენერმა ვიკსმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა – 5:1.

აკი ამბობდა კიდეც, გია ცეცაძე ევროტურნირებზე განსაკუთრებული მიზნები არ გვაქვსო, მაგრამ იმასაც ამატებდა, ბრძოლით ნებისმიერთან ვიბრძოლებთო. თუმცა, დღეს მის შეგირდებს ამის არაფერი ეტყობოდათ და ვნახოთ, იმედია, ზესტაფონში მაინც ითამაშებენ ღირსეულად. თუმცა, საინტერესოა როდემდე უნდა ვიყოთ მხოლოდ იმედის შემყურედ?!

“გაბალა” – “სამტრედია” 5:1 (3:0)

ბაქო, “ბაკჩელ არენა”

“გაბალა” (4-2-3-1): ბეზოტოსნი; აბასოვი, სტანკოვიჩი, ვერნუდუბი, რიკარდინიო; კვეკვესკირი, სადიგოვი; ზენიოვი (მუტალიმოვი 83), ვიკსი (ალიევი 86), ოზობიჩი; დაბო (ეუბოვი 77)

მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი

“სამტრედია” (4-2-3-1): მიგინეიშვილი; მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი; დათუნაიშვილი, მანჯგალაძე (ცნობილაძე 71); ჯიქია (გამყრელიძე 46), არაბული, რაჟამაშვილი; ზივზივაძე (მარკოზაშვილი 58)

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გოლები: 1:0 სტანკოვიჩი (16), 2:0 ზენიოვი (19), 3:0 ვიკსი (30), 3:1 შერგელაშვილი (59), 4:1 ვიკსი (69), 5:1 ვიკსი (72)

გაფრთხილება: ზენიოვი (65), ვიკსი (70) - ჯიქია (44), მარკოზაშვილი (62), მიგინეიშვილი (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (8) – 13 (5) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 1:2 ჯარიმა: 15:13

მსაჯი: დენის შერბაკოვი (ბელარუსი)

0.120989