ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში მყოფი „ზუგდიდის“ შემადგენლობას სამი ფეხბურთელი დაემატა. ზუგდიდელთა პრესსამსახურის ცნობით, გუნდის თავკაცმა ოთარ გაბელიამ ვარჯიშებზე შემტევ ნახევარმცველს, შოთა ლომიას და თავდამსხმელს, ლაშა კუკავას უხმო. გარდა ამისა, „ზუგდიდში“ ჩაირიცხა მეკარე ნიკა დაუშვილიც. სამივე ფეხბურთელთან კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტები უკვე გააფორმა.
შოთა ლომია 2014-15 წლებში ზუგდიდელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და გუნდს კაპიტნობდა, იმ სეზონზე იგი ზუგდიდური კლუბის ბომბარდირი გახლდათ. ბოლო სეზონი მან პირველლიგელ „ოდიშში“ გაატარა. მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა ლაშა კუკავაც - ახალგაზრდა შემტევმა გასულ წელს პირველლიგელ წალენჯიხის „სქური“-ს შემადგენლობაში ითამაშა. რაც შეეხება მეკარე ნიკა დაუშვილს, მას ცხინვალის „სპარტაკი“-ს, თბილისის „ვიტჯორჯია“-ს და „დინამო“ თბილისის ღირსება დაუცავს, წლევანდელ გარდამავალ ჩემპიონატზე კი, დაუშვილი უკვე ზუგდიდელთა მაისურს მოირგებს.