საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი ჩვენს გუნდში უშუალო საქმიანობას 10 ივლისს, თბილისური შეკრებისას შეუდგება. მანამდე კი ის ფიბა-ს ვებ-გვერდის ჟურნალისტის, დიმიტრის საკისის რესპოდენტი გახდა და საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებულ საინტერესო თემებზე ისაუბრა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს თარგმანს.
შესარჩევი ეტაპი
- როდესაც ვლაპარაკობთ ზედიზედ მეოთხედ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე, თავისთავად ვგულისხმობთ განვლილ საკვალიფიკაციოებსა და ევროპის ჩემპიონატებს. თუმცა მე არ ვფიქრობ წარსულზე, ფოკუსირებული ვარ საქართველოს მომავალ შესარჩევზე, უფრო კონკრეტულად – ნაკრების პირველ ვარჯიშზე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი. სწორედ მოსამზადებელი ეტაპის წარმატებით გავლამ უნდა მოგვცეს შედეგი შესარჩევ ტურნირში. საკვალიფიკაციო კამპანია წინა წლების ამავე შეჯიბრებასთან შედარებით, გაცილებით მძიმე იქნება თითოეული გუნდისთვის. მათ შორის საქართველოს ნაკრებისთვისაც.
- შესარჩევ ეტაპზე გუნდები შვიდ ჯგუფად არიან გაყოფილნი. ევრობასკეტზე საუკეთესო შვიდეული გადის, რომელსაც დაემატება ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი. მეოთხე ადგილზე გასულ გუნდთან თამაშის შედეგები სათვალავში არ მიიღება. ამიტომ, მეორეადგილოსნებს თუ ევრობასკეტზე მოხვედრა სურთ, მართებთ ორჯერვე დაამარცხონ მესამე ადგილზე გასული ნაკრებები და ერთხელ მაინც მოუგონ პირველს. ძალიან დიდი სიფრთხილე და კონცენტრაციაა საჭირო. ერთ მატჩში ფეხის დაცდენის უფლება არავის აქვს.
მეტოქეები
- ჯგუფში ორი ძალიან ძლიერი გუნდია, ჩერნოგორია და საქართველო. ჩემი აზრით, ორივე იმსახურებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ჩერნოგორიელებს განსაკუთრებული გუნდი ჰყავთ, წლეულს ძლიერი შემადგენლობის შეკრებას აპირებენ და შესარჩევის ნაცვლად ევროპის ჩემპიონატი ახლა რომ იმართებოდეს, უთუოდ მეოთხედფინალში გავიდოდნენ.
- ნიკოლა ვუჩევიჩი და ბოიან დუბლიევიჩი ევროპის საუკეთესო მეფარეთა შორის არიან. მათ მრავალფეროვანი შეტევითი არსენალი გააჩნიათ, რაც ჩვენს მეტოქეს კიდევ უფრო სახიფათოს გახდის. ჩერნოგორიელთა მთავარი იარაღი კი მათი მწვრთნელია – ძალიან გამოცდილი ბოგდან ტანიევიჩი, რომელსაც წარსულში არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ჯგუფში პირველი ადგილი საქართველოსა და ჩერნოგორიას შორის უნდა განაწილდეს. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპზე სრული საბრძოლო შემადგენლობით წარდგება.
ფილოსოფია
- იგორ კოკოშკოვის არა მხოლოდ კარგი მეგობარი ვარ, არამედ – მისი პიროვნებისა და საქმის დიდი პატივისმცემელი. ამიტომ, ნამდვილად არ ვაპირებ, გვერდზე გადავდო ყველაფერი, რაც მას საქართველოს ნაკრებში მუშაობისას გაუკეთებია. მის ნაშენებ საფუძველზე საკუთარი კედლები უნდა დავამატო. კოკოშკოვის ფილოსოფიის ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა გამოვიყენო. საქმე კლუბთან რომ გვქონდეს, სადაც 10 თვე გიწევს მუშაობა, შეიძლება ყველაფერი ახლიდან დაიწყო და ბოლოს მიზნამდეც მიხვიდე, მაგრამ ნაკრებში საამისოდ დრო არავის აქვს. ძალიან მოკლე დროა მოსამზადებლად და სათამაშოდ. ასეც რომ არ იყოს, რატომ უნდა გადავუხვიოთ კოკოშკოვის ფილოსოფიას, თუკი მას შედეგი მოჰქონდა?!
დაცვა
- არის ორი ასპექტი, რასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. პირველია დაცვა. მეტი აგრესია და დისციპლინა გვჭირდება. მეორეა გუნდური სული. ვიცი, რომ საქართველოს ნაკრები ამ მხრივ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეულია, მაგრამ რაც მეტად შეკრული გუნდი გვეყოლება, მით მეტია წარმატების შანსი. კალათბურთელები უნდა გრძნობდნენ, რომ ყოველ მატჩში 40 წუთს ერთმანეთისთვის თამაშობენ, ისევე როგორც მთლიანად ტურნირს. სწორედ ეს ორი ელემენტი გამოხატავს ჩემს სტილსა და ფილოსოფიას.
საქართველო
- საქართველოში რამდენჯერმე ჩავედი. ქვეყანაც კარგად გავიცანი და კალათბურთიც. თვალშისაცემია კალათბურთელთა ამაყი ხასიათი, რომლებიც მზად არიან ყოველგვარი მსხვერპლი გაიღონ და იბრძოლონ საკუთარი ქვეყნისთვის. ეს დადებითი მომენტია. განსაკუთრებით ეროვნული ნაკრებისთვის.
შიდა ჩემპიონატი
- საქართველოს ჩემპიონატი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც სხვა ქვეყნების შიდა პირველობები. შესაბამისად, უმაღლეს დონეზე ეროვნულ ნაკრებში თამაშისთვის შიდა ჩემპიონატი ბევრ კალათბურთელს ვერ ამზადებს. დიდ პროგრესს განიცდიან ისინი, რომლებიც საზღვარგარეთ აგრძელებენ კარიერას. თუმცა კარგი ამბავიც მაქვს: ფედერაციას აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს საკალათბურთო ლიგა წლიდან წლამდე უნდა გაუმჯობესდეს. ასევე გავიცანი ბევრი კარგი მწვრთნელი, რომლებიც სწორი მუშაობით ხელს შეუწყობენ წინსვლას. ვფიქრობ, პროგრესს მალე დავინახავთ.
www.gbf.ge