დღეს, 18:00 საათზე გორის „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, სადაც ერთმანეთს გორის „დილა“ და გიუმრის „შირაქი“ დაუპირისპირდებიან.
29 ივნისს ორივე გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა და საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი გორელთა თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა
უჩა სოსიაშვილი: „გუნდმა 3 ივნისს დაიწყო და ამ პერიოდში სამწუხაროდ წავიდნენ ფეხბურთელები, რომლებთანაც ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა. ვარჯიშის განახლებიდან ორი კვირის განმავლობაში ოთხმა ძირითადის მოთამაშემ დატოვა კლუბი და სამწუხაროდ, კარგად არ წარიმართა ეს პროცესი, თუმცა ამ ეტაპზე გორის „დილამ“ მაქსიმუმი გააკეთა რაც შეეძლო, რათა კარგად მომზადებულიყო ამ ტურნირისთვის.
მინდა გამოვყო გუგა ფალავანდიშვილი, დავით ხურცილავა, ოთარ მარცვალაძე და ირაკლი ძარია, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა ჩადეს კლუბში და მინდა მათ წარმატებები ვუსურვო.“
- რას იტყვით თქვენს მოწინააღმდეგეზე, მათ ადრე უკვე ეთამაშეთ და გამარჯვებაც მოიპოვეთ.
- მართალია მაშინ გავიმარჯვეთ, მაგრამ იმ დროს გორის „დილაში“ იყო სულ სხვა შემადგენლობა, ჩვენ ვიყავით საქართველოს ჩემპიონები და ვემზადებოდით ბელგრადის „პარტიზანთან“ შესახვედრად, იყო სულ სხვა შემართება, სხვა მიზნები. ახლა ვემზადებით ამ ეტაპის გადასალახად, მაგრამ ვიმეორებ, რომ მაშინ სულ სხვა დონეზე იყო გუნდი შეთამაშებული, დღეს კი ამ მხრივ სიტუაცია განსხვავებულია.
- ალბათ გექნებათ „შირაქის“ თამაშები ნანახი და იქნებ გვითხრათ მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. რას დაუპირისპირებთ მათ თამაშს.
- პირველ ყოვლისა, რაც შემიძლია გამოვყო, ეს მათი სტაბილური თამაშია, გუნდის შეკრულობა და წლების განმავლობაში ფეხბურთელების ძირითადი ბირთვის შენარჩუნება, რაც შედეგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება თამაშის სტილს, ძალიან საინტერესოდ თამაშობენ და ანგარიშებიდან გამომდინარე ჩანს, რომ შემტევ ფეხბურთზე აქვთ აქცენტი გადატანილი.
- ვიცით, რომ ძალიან ძნელია წინასწარ საუბარი, მაგრამ მაინც გუნდებს შორის შანსებზე რას იტყვით.
- ვფიქრობ, რომ შანსი 50-50-ზეა. ჩვენ ვართ ახალი შეკრებილი გუნდი. სულ ახალი მოსულები არიან ფეხბურთელები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ეტაპის გადალახვა არ შეგვიძლია. შევეცდებით მაქსიმუმი ჩავდოთ ამ ორ დაპირისპირებაში და დამერწუნეთ, ჩვენ არც კი ვფიქრობთ რომ ამ ეტაპიდან გამოვვარდებით.
- ის ფეხბურთელები, რომლებიც ამჟამად „დილაში“ არიან, ევროტურნირის დასრულების შემდეგ აპირებენ წასვლას, თუ ჩემპიონატშიც ითამაშებენ?
- შემიძლია გითხრათ, რომ თუ გორის „დილა“ ამ ეტაპს გადალახავს, ყველა ეს ფეხბურთელი გუნდში დარჩება, მაგრამ თუ ვერა, მაშინ კლუბის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ალბათ მოგვიწევს რამდენიმე მოთამაშესთან განშორება.
- ახალი ჩემპიონატის დაწყებისთვის როგორია კლუბში ფინანსური მდგომარეობა?
- არ არის ნამდვილად სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ახლა მხოლოდ მომავალ თამაშზე ვფიქრობ და თამაშებში მაქსიმუმის ჩადებას ვაპირებთ.
ტრავმებთან დაკავშირებით როგორი სიუტუაციაა?
- სამწუხაროდ, სამი ფეხბურთელი ვერ მიიღებს ხვალინდელ თამაშში მონაწილეობას. ესენი არიან: თავდამსხმელი კუჭუხიძე და გუნდის კაპიტანი კვახაძე. ასევე ვერ ითამაშებს ლაშა ჯაფარიძე, რომელიც დისკვალიფიცირებულია და ამ დაპირისპირებაში ისიც ვერ დაგვეხმარება.
შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები გორის თეატრის სალაროებში იყიდება და მათი ფასი: 3,5 და 10 ლარია. აღნიშნული დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს კი ტელეკომპანია „თრიალეთი“ შემოგთავაზებთ. გაყიდული 3 ლარიანი ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად ჩაერიცხება ფეხბურთელ გიორგი თექთურმანიძეს.
„დილას“ პრესსამსახური
Please log in to post a comment Log in Or Register