სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სასიხარულო ამბავი გვაცნობა: გაისად ამ დროს საქართველოში 10 ახალი სტადიონი გვექნებაო. ხეჩიკაშვილმა ეს განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 26-ე ყრილობაზე.
მინისტრს როცა ვკითხეთ, გვიპასუხა, 10 სტადიონიდან უმეტესობა თბილისში იქნებაო.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგომლობის შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა აშშ-ის საელჩოსთან მდებარე სტადიონი. იქ საქართველოს ეროვნული შეჯიბრებები და სხვადასხვა საერთაშორისო მატჩები ჩატარდება. მათ შორის, გაისად ზაფხულს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებიც.
აღნიშნული სტადიონით მძლეოსნებიც ისარგებლებენ. წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით შეუძლიათ, კომპლექსი ეროვნული და საერთაშორისო ჩემპიონატების ჩასატარებლად გამოიყენონ.