გუშინ სასტუმრო “ჰუალინგ თბილისში” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 26-ე ყრილობა გაიმართა. ფედერაციის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, რაც წინამორბედებისგან დახვდათ და რიცხვებითაც წარმოადგინეს. ანუ, გამოქვეყნდა აუდიტის დასკვნის შედეგები.
სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა, რომ დავალიანებამ 16 785 600 ლარი შეადგინა. აქედან, კონკრეტულად ვალი 11 785 000 ლარია, ხოლო 5 000 600 ლარი წინასწარ არის გახარჯული.
ისე, აუდიტი ფედერაციაში შარშანდელი წლის ბოლოს ჩატარდა, როცა ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა ფედერაციაში. მუჯირმა აღნიშნა, რომ საბიუჯეტო დეფიციტი გამოიწვია საბანკო სესხებმა, სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ ვალმა, უეფადან და ფიფადან გადმოგზავნილი თანხის არამიზნობრივმა ხარჯვამ, კერძო პირებზე გაცემულმა თანხმებმა და შემდეგ ამ თანხის ჩამოწერამ.
სხვათა შორის, აღნიშნულ დავალიანების გამო, შესაძლოა, ფიფადან და უეფადან სანქციები დაეკისროს ფედერაციას. რა თქმა უნდა, ამჟამინდელ ხელმძღვანელობას დაეკისრება. ასე გამოდის, რადგან წინა ფედერაციის ხელმძღვანელობის სამართალმემკვიდრეები არიან.
ამაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ მიმართა ფედერაციის ხელმძღვანელებს, თქვენ რატომ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, როცა წინა ფედერაციის დავალიანებააო.
“მესმის, რომ სამართალმემკვიდრეები ხართ, მაგრამ ხელს ნუ დააფარებთ წინამორბედებს და ზედმეტად ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას” – მიმართა მათ ლორთქიფანიძემ.
სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის 7 პიროვნება დააჯილდოვა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და 6 კერძო კლუბის პრეზიდენტი: რომან ფიფია (თბილისის “დინამო”), ილია კოკაია (‘ზესტაფონი”), ფრიდონ ინჯია (“მერანი”), ლექსო თოფურია (“ლოკომოტივი”), ბესიკ ჩიხრაძე (“გაგრა”) და გურამ რუხაძე (“ვიტ ჯორჯია”).
ყრილობას ვერ ესწრებოდნენ კოკაია, რუხაძე და თოფურია, ამიტომაც მათ პირადად კობიაშვილი გაუგზავნის ჯილდოს.
ყრილობის დელეგატთა გადაწყვეტილებით, რამდენიმე სუბიექტს ფედერაციის წევრობის სტატუსი აღარ აქვს: რუსთავის “მეტალურგს”, ინვალიდ-ამპუტანთ ფეხბურთელტა ლიგას, ბიჩსოკერის ასოციიაციას, ეზოს ფეხბურთის ასოციაციასა და საფეხბურთო სკოლების ასოციაციას.
ლევან კობიაშვილმა განმარტა, რომ ეს სუბიექტები ფედერაციის წევრობისთვის საჭირო სამუშაოს შესაბამის ნორმებში არ ასრულებდნენ.
დღის წესრიგის შესაბამისად, ყრილობამ დაამტკიცა 2015 წლის ფინანსური ანგარიში და 2016 წლის ბიუჯეტი. გუშინვე, დელეგატებმა დამოუკიდებელი აუდიტის დამტკიცების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება.
ასევე, სხვა სიახლეები: კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა კომერციული სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის, VTB-ს, კოკა-კოლას და ახალ პარტნიორს, “ჰოტელს ენდ პრეფერენსის ჰუალინგ თბილის”-ს.
“ბოლო თვეებში კერძო სექტორის ჩართულობა შეინიშნება. ინტერესი მატულობს და ეს აუცილებლად დაეტყობა ქართულ ფეხბურთს”.
კობიაშვილმა მიმოიხილა პროექტები, რომლებიც ფედერაციამ დაიწყო მასობრივი ფეხბურთის განვითარების მიზნით. მოყვარულთა ლიგა, კოკა-კოლას თასი და რეგიონთა თასი, კერძოდ, საქართველოს 13 რეგიონში ნაკრებების შექმნა და შემდეგ ყოველწლიური გათამაშება.
სფფ-ის პრეზიდენტი ქალთა ფეხბურთის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ქალთა ფეხბურთის რეგულარული ჩემპიონატის ჩატარება, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წლის 26 აპრილს დაიწყო. ასევე, ფუტსალის ჩემპიონატზე, რომელიც წარმატებულად ჩატარდა ფუტსალში დიდი გამოცდილების მქონე სააგენტო SBM-თან ერთად.
აღინიშნა ის სიახლე, რომელიც მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩების მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებას გულისხმობს. წელს, საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალს, არსებობის ისტორიაში პირველად, ქუთაისმა უმასპინძლა.
ლევან კობიაშვილმა ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურის შექმნის თაობაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეს სამსახური აქტიურად უწევს მონიტორინგს ყველა იმ საფეხბურთო მატჩს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება.
ასევე, სამწვრთნელო-საგანმანათებლო პროექტებზე: საქართველოში გაიცა უეფას პრო-ლიცენზია. პრეზიდენტმა მწვრთნელებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საგანმანათლებლო პროექტების ჭრილში მან ასევე ისაუბრა უეფას პროექტზე - სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება და მსმენელებს საშუალება ექნებათ საერთაშორისო კურსი ქართულ ენაზე გაიარონ.