ფეხბურთი

14:13 | 27.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დანი ალვეში “იუვეს” ფეხბურთელია

ვეტერანი ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში ამიერიდან იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას დაიცავს. აღნიშნულის შესახებ კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ 33 წლის უკანახაზელი ტურინში მხოლოდ გუშინ საღამოს ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და “ბებერ ქალბატონს” ბედი ორი წლით დაუკავშირა. მხარეების სურვილის შემთხვევაში, ხელშეკრულება ავტომატურად კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

“იუვემ” ალვეში კატალონიის “ბარსელონადან” თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, სადაც იგი 2008 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. დანი ალვეში ტურინული გრანდის მეორე შენაძენია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ბოსნიელი მირალემ პიანიჩის შემდეგ.

სხვათა შორის, “იუვენტუსისთვის” ფეხბურთელების უფასოდ დამატება ბოლო წლებში ნაცადი პრაქტიკაა – სწორედ ასეთი პირობებით გადაიბირეს მათ სხვადასხვა პერიოდში ანდრეა პირლო, პოლ პოგბა, პატრის ევრა, ფერნანდო ლორენტე, ხოლო ანდრეა ბარძალის სანაცვლოდ მხოლოდ 400 ათასი ევრო გაიღეს.

0.117939