კოპა ამერიკის ოფიციალურმა ვებგვერდმა აწ უკვე დასრულებული ტურნირი შეაჯამა და საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა. სამხრეთ ამერიკის 2016 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ჩილელი ალექსის სანჩესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა. იგი ნაკრებს სამი გოლითა და 2 საგოლე პასით შეეწია. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კი მისი მეწყვილე ედუარდო ვარგასი გახდა 6 შეხვედრაში გატანილი ამდენივე გოლით. კოპა ამერიკის აწ უკვე გასული გათამაშების საუკეთესო მეკარეც ჩილელია – კლაუდიო ბრავო, რომელმაც ექვსი თამაშიდან კარი მშრალად ოთხჯერ შეინახა. ფეირ-პლეის პრიზი კი, წილად ფინალისტ არგენტინის ნაკრებს ერგო.
ასევე ცნობილია ტურნირის სიმბოლური ნაკრებიც, სადაც ჩილეს ნაკრების ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობაა მოხვედრილი – რვა. დანარჩენი სამი ადგილი კი, არგენტინის ნაკრების წევრებმა შეავსეს.
მთლიანობაში კოპას სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირია:
მეკარე: კლაუდიო ბრავო (ჩილე)
მცველები: მაურისიო ისლა (ჩილე), ნიკოლას ოტამენდი (არგენტინა), გარი მედელი (ჩილე), ჟან ბოსეჟური (ჩილე)
ნახევარმცველები: არტურო ვიდალი (ჩილე), ხავიერ მასკერანო (არგენტინა), ჩარლს არანგიზი (ჩილე)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა), ედუარდო ვარგასი (ჩილე), ალექსის სანჩესი (ჩილე)
შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას, ჩილეს ნაკრებმა მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში არგენტინას აჯობა და კოპა ამერიკა ზედიზედ მეორედ მოიგო.