ფეხბურთი

23:51 | 24.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა ფედერაციის ხელმძღვანელებთან: “მეტი ანალიზი, მეტად გვერდში დგომა” 

“სულაც არ ვაპირებთ ესპანეთთან მოგებით დაკმაყოფილებას. სლოვაკეთთან და რუმინეთთან წაგებების მერე, გუნდმა ძალა და უნარი გამონახა, სწორი ანალიზი გაკეთდა და ესპანეთთან ღირსეულად ითამაშა. ყველამ ვნახეთ, რა საამაყო შედეგს მიაღწიეს, თუმცა კარგად ვიცით, რა დონეზე ვიმყოფებით და სამუშაო რომ ძალიან ბევრია, ორი აზრი არ არსებობს”.

“ვლადიმირ ვაისი თავად ჩამოვა საქართველოში და ისაუბრებს პრობლემებზე, რაც იყო. გეთანხმებით, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელთა შორის ურთიერთობა მისახედია, რათა გაუგებრობა არ იყოს. ვაისი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მომავალ მეტოქეთა მატჩებს ესწრება”.

“თუ ნაკრები ციკლის განმავლობაში წარმატებას მიაღწევს, ფეხბურთელები პრემიალურ თანხას მიიღებენ. კონკრეტულად ერთ მატჩზე პრემიები არაა გათვალისწინებული”.

“გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე ისეთ ფეხბურთელთან, რომლებსაც ამჟამად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ. მათ შორის, გიორგი ჯიქიასთან, რომელიც პერმის “ამკარში” თამაშობს”.

“ქართული კლუბების ევროტურნირებზე ღირსეულად გამოსვლის იმედი გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მითუმეტეს შარშანდელი ცუდი შედეგების შემდეგ”.

“მიხეილ მესხის” საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ასევე, ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და ნიკა ჯღარკავა ჟურნალისტებს შეხვდნენ.

ეს წინადადებებიც სწორედ მათი ნაუბრიდანაა. ვრცლად კი ახლა დავწერთ:

ლევან კობიაშვილი: “ხშირად მომყავს მაგალითი ხორვატიასთან მოგებული მატჩიდან. მაშინ გუნდი ერთად შეიკრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მინდა, რომ მეტი ურთიერთობა იყოს და მეტად გვერდში დგომა. მისაღებია ის კრიტიკა, რაც სლოვაკეთან და რუმინეთთან წაგებების მერე დაატყდა ნაკრებს, მაგრამ სწორმა ანალიზმა მოიტანა ის, რომ ესპანეთთან მოვიგეთ. არანაირად არ ვივიწყებთ წაგებულ შეხვედრებს, სწორი დასკვნაა გამოსატანი”.

ალექსანდრე იაშვილი: “ეს სამი მატჩი მნიშვნელოვანი იყო. ძლიერ მეტოქეებთან იმიტომაც დაიგეგმა, რომ უკეთ დაგვენახა ჩვენი შეცდომები. ასე უფრო შევაფასებთ და გავიგებთ, თუ სად ვიმყოფებით. ესპანეთთან მოგება ძალიან სასიხარულო იყო, თუმცა წინ დიდი გზაა გასავლელი. რაც შეეხება ვაისის ნათქვამს, მწვრთნელი თავად ჩამოვა და გაგესაუბრებათ, თუ რა პრობლემა იყო ფეხბურთელებთან და ვისთან”.

დავით მუჯირი: “ორი მატჩის შემდეგ, ნაკრების ფეხბურთელებზე დიდი ზეწოლა იგრძნობოდა, თუმცა შეცდომები გაანალიზდა, გუნდი ერთ მუშტად შეიკრა და შედეგიც ვნახეთ. ესპანეთთან გამარჯვება ფსიქოლოგიური კუთხითაც ძალიან სასარგებლოა.

...ამ ერთ გამარჯვებას რომ არ გადავყევით და ეიფორიაში არ ჩავვარდით, იქიდანაც ჩამს, რომ 10 ივნისს ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე ვიყავით დაპატიჟებულნი და თბილისში გამოვფრინდით, რადგან აღმასკომის სხდომა იყო.

...სამწუხაროდ, ერთი რამ უნდა ვთქვა: ის სასიხარულო განწყობა, რაც ესპანეთის დონის გუნდთან მოგებას უნდა მოსდევდეს, ვერ ვიგრძენით. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ფონი არ იყო ესპანეთთან გამარჯვების შესაბამისი. ჭარბობდა ისევ ქილიკი. ასეთი დამოკიდებულებით წინ ვერ წავალთ, ერთად დგომაა საჭირო”.

კახა ჭუმბურიძე: “ყოველთვის ვამბობდი, რომ წარმატება ერთბაშად არ მოდის. რომ ვუყურებთ ახლა ისლანდიას და სხვა პატარა ქვეყნებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე კარგად თამაშობენ, სწორედ ამ გზით დაიწყეს. საფუძველი ჩაუყარეს წარმატებებს. გვსურს, რომ იგივე გზით ვიაროთ. რაც აქამდე იყო? შეიქმნა სისტემა, მეტი ყურადღება ექცევა ბავშვებისა და ჭაბუკების ფეხბურთს, ეს კი შედეგს აუცილებლად მოიტანს. ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა გვიწევს და ეს სჯობს, ვიდრე ერთჯერადი წარმატებით ვხარობდეთ”.

სხვათა შორის, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ფედერაციამ ეროვნული ნაკრებისთვის შეიძინა აღმდგენი საშუალებები, ვიტამინები, სამედიცინო აპარატურა და ასე შემდეგ. საკმაოდ ძვირი დაჯდა ეს ყველაფერი.

“აქამდე წყლის ბოთლის მეტი არაფერი ჰქონდა ნაკრებს, ახლა კი ბევრი რამ შევუძინეთ: ის, რაც თანამედროვე ფეხბურთში საჭიროა და ნაკრებს გამოადგება. თუ დააკვირდით, ამხანაგურ მატჩებში ნაკრების ფეხბურთელებს სპეციალური სახვევები ჰქონდათ, რაც უჩვენებს, ვინ რამდენად დაიხარჯა. ამ ყველაფრის ანალიზი დაიწყო. აღდგენა ერთ-ერთი მთავარი რამ არის ფეხბურთში. მაგალითად, 6 და 9 ოქტომბერს ოქტომბერს შესარჩევში ირლანდიასთან და უელსთან გვაქვს გადაბმულად თამაშები. თავისუფლად შეიძლებოდა, ეს აპარატურები ადრეც შეძენილიყო, მაგრამ ფაქტია, ეს არ მომხდარა”.

შესარჩევ ციკლშიPპრემიებზე ბევრი არ უსაუბრიათ ფედერაციის ხელმძღვანელებს – უკვე დავწერეთ, რომ ეს იქნება მთლიანი ციკლის მიხედვით და არა კონკრეტულად რომელიმე ერთ მატჩზე.

ფეხბურთელების ნატურალიზება: “რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მათ შორის, გიორგი ჯიქიასთანაც. აქ მთავარია, ფეხბურთელს თავად ჰქონდეს სურვილი საქართველოს სახელით თამაშისა, ფინანსებით მას ვერ მიიზიდავ და არც იქნება სწორი. ზურაბ ცისკარიძე მშვენიერი მაგალითია: ის მშვენივრად ჩაეწერა ნაკრებში და როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმაც ჩანს, რომ მებრძოლი და კარგი თვისებების მქონე პიროვნებაა. მართალია, კომუნიკაცია უჭირს ქართულ ენაზე, მაგრამ მაინც” – თქვა კობიაშვილმა.

კიდევ ერთხელ ითქვა 13-წლამდელთა რეგიონთა ჩემპიონატის ჩატარებაზე, რომელიც რამდენიმე თვეში დაიწყება. დასაქმდა 26 ახალი მწვრთნელი და შეიქმნა ანალიტიკური ჯგუფი, რომელსაც ირაკლი ჩიტაური ხელმღვანელობს. კობიაშვილმა თქვა, რომ ადრე სიტყვა “ანალიტიკოსი” ქართულ ფეხბურთში არც არსებობდა.

გარდამავალ ჩემპიონატზე: კობიაშვილმა აღნიშნა, რომ 7-7 გუნდად დაყოფა მთლად იდეალური არაა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვაგვარად ვერ მოხერხდებოდა, 26 ტურის თამაში და პლუს თასის გათამაშება მოკლე მონაკვეთში წარმოუდგენელი იყო. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მისაღები სწორედ 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგისკენ სწრაფვაა.

საუბარი შეეხო ასევე აშშ-ის საელჩოსთან მდებარე სტადიონის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემის თემას, თუმცა ამაზე ცალკე გვიწერია.

0.114525