თბილისის "დინამომ" ავსტრიულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში 1:1 ითამაშა ვარშავის "ლეგიასთან". მთლიანობაში, საქართველოს ჩემპიონს სათამაშო უპირატესობა ჰქონდა პოლონეთის ჩემპიონთან და უფრო მეტი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა.
იურაი იარაბეკის გუნდისთვის ეს პირველი ამხანაგური მატჩი იყო, ხოლო "ლეგიამ" უკვე ითამაშა ავსტრიაში. წინა შეხვედრაში კვიპროსულ აეკ ლარნაკასთან 0:1 წააგო.
“ლეგიას” რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს. იოდლოვეცი, პაზდანი და ენჯეიჩიკი პოლონეთში, ნიკოლიჩი უნგრეთში და დუდა სლოვაკეთში.
პირველ ტაიმში გუნდებს თითო-თითო იდეალური მომენტი ჰქონდათ: ვახტანგ ჭანტურიშვილმა მარჯვნიდან ჩაწოდებულს ეფექტური ნახევარმაკრატელა შეაგება და ბურთი ძელს მოხვდა, არეულობაში კი გოლი აღარ გავიდა. ძალიან ლამაზი გოლი იქნებოდა, რომ გასულიყო. მალევე, პოლონელებს ჰქონდათ შანსი და დინამოელთა ახალწვეულმა ფრანგმა მეკარე სკრიბემ გადაარჩინა თავისიანები: სალი ახლოდან ურტყამდა.
ბურთი უფრო მეტად პოლონელთა ნახევარზე იყო და ასე გაგრძელდა მეორე ტაიმშიც. 57-ე წუთზე მათე ცინცაძემ საჯარიმო მშვენივრად შეასრულა და "დინამო" დაწინაურდა, თუმცა შემდეგ კუხარჩიკმა გაათანაბრა.
მომენტები ჰქონდათ გიორგი ქვილითაიას, ნიკოლოზ გელაშვილს და გიორგი თევზაძესაც.
ავსტრია. ნიოშტიპტის სტადიონი.
დინამო (თბილისი) - ლეგია (ვარშავა) 1:1 (0:0)
დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, შპიჩიჩი, პარუნაშვილი, ალვარო, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, კურიე, ქვილითაია
ლეგია: ჩიერნიაკი, ბერეშინსკი, ლევჩუკი, რზეჟნიჩაკი (ნავოტკა 75), ჰლუშეკი (სულეიმანი 46), მაკოვსკი (კულენოვიჩი 46; ჰანსლიკი 83), ვრანიეში (ვიტესკა 74), ალექსანდროვი (კოპჩინსკი 46), მასლოვსკი (ბრჟისკი 46), კუხარჩიკი (შიმანსკი 75), სალი (კოსეცკი 46)
გოლები: 1:0 ცინცაძე (57), 1:1 კუხარჩიკი (68)