საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ისრაელის ოთხთა ტურნირზე ჰოლანდიასთან მატჩში პირველი მეოთხედის შუაწელიდან მე-3 მეოთხედის საწყის წუთებამდე 16 წუთის (!) განმავლობაში ქულაც კი ვერ ჩააგდო და საბოლოოდ, 37:48 (14:14, 0:14, 9:8, 14:12) დამარცხდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ისიც ცხადია, რომ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა მე-2 მეოთხედი უქულოდ დაასრულა, რაც თანამედროვე კალათბურთში უიშვიათესი მოვლენაა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ქართველ კალათბურთელთაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ 1 მოთამაშე სოსო გოგნაძე (12) ასცდა.
სათქმელია ისიც, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა 25-დან 3 სამქულიანი გამოიყენეს და ბურთი 23-ჯერ დაკარგეს. შეცდომების მხრივ, ქართველმა 20-წლამდელებმა ტურნირზე მართლაც კატასტროფული მაჩვენებელი დააფიქსირეს: ისინი სამ შეხვედრაში ბურთს საშუალოდ 24-ჯერ (!) კარგავდნენ.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის ტურნირის საწყის დღეს საქართველოს ნაკრები რუსეთთან 51:65 დამარცხდა, შემდეგ კი, მასპინძელ თანატოლებთან 63:85 წააგო და ცხადია, ბოლო მე-4 ადგილი დაიკავა.