სხვა

17:50 | 23.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისურ ფიცარნაგზე მსოფლიო დაინომრება

25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, თბილისი ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში, რომელსაც თბილისი 2015-ის ოლიმპიურ პარკში მდებარე ტანვარჯიშის სასახლე უმასპინძლებს, 60-მდე ქვეყნის უძლიერესი ახალგაზრდა სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გოგონათა და ვაჟთა შორის გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ ფიცარნაგზე 8 ვაჟი და 4 გოგონა გავა.

საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ.

"მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში პირველად ჩატარდება და დარწმუნებული ვარ, ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს თავს ისევე კარგად გავართმევთ, როგორც შარშან, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატს. უკვე რამდენიმე დელეგაცია ჩამოვიდა, დაბინავდნენ, ემზადებიან და პირველი შთაბეჭდილებებით თუ ვიმსჯელებთ, ყველა კმაყოფილია. ჩემპიონატი ულამაზეს დარბაზში გაიმართება, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი. ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ ჩემპიონატზე დასასწრებად და მხარი დაუჭირონ ქართველ ძალოსნებს” – განაცხადა გოგოლაძემ.

კახიაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისური მსოფლიოს ჩემპიონატი რამდენიმე კომპონენტში იქნება ამ რანგის ყველა ტურნირისგან გამორჩეული. ერთ-ერთი მათგანია ორიგინალური თასები, რომლებიც 40 მილიონი წლის წინანდელი ხისგან დაამზადეს. Gარდა ამისა, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე ქართული კერძები დააგემოვნონ და მათ დამზადებაშიც მიიღონ მონაწილეობა.

კახიაშვილი ახალგაზრდა ქართველი ძალოსნებისგან ოქროს მედლებს ელის. ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე – 24 ივნისს კი თბილისში მსოფლიოს ძალოსნობის ფედერაციის კონგრესი უნდა გაიმართოს, რომელზეც დელეგატები რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხზე იმსჯელებენ და საინტერესო გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით გამოვა:

ვაჟები

62 კგ – გოდერძი ბერძენიძე

69 კგ – გოგა ჩხეიძე

77 კგ – ნოდარ კაკაბაძე

85 კგ – რევაზ დავითაძე

94 კგ – ირაკლი ჯალაღონია და ირაკლი ჩხეიძე

105 კგ – გიორგი ჩხეიძე და დავით ხეცურიანი

გოგონები

63 კგ – მარიამ სარიევი

69 კგ – სოფიკო მუქათარიძე

75 კგ – თეონა ჟიჟიაშვილი

+75 კგ – ანასტასია გოტფრიდი

0.115302